უკრაინული „ნაფტოგაზი“ რუსეთისგან ბუნებრივი აირის შეძენას არ აპირებს
„უკრაინის ნაფტოგაზის“ წარმომადგენლებს ბუნებრივ აირზე რუსეთის მიერ შეთავაზებული ფასი ხელოვნურად გაზრდილად მიაჩნიათ და ამ პირობებით მის შეძენას არ აპირებენ. ამის თაობაზე „ნაფტოგაზის“ წარმომადგენელმა იური ვიტრენკომ განაცხადა.
როგორც ვიტრენკომ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, „გაზპრომის“ მიერ შეთავაზებული ფასი ათას კუბურ მეტრში 182 დოლარს შეადგენს.
რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ფასი საბაზრო ფასზე დაბალია, მაგრამ, ვიტრენკოს თქმით, გერმანია რუსეთისგან გაზს 173 დოლარად იღებს.
„ასეთ ფასად ჩვენ რუსეთისგან ბუნებრივ აირს არ შევიძენთ და ევროპულ ბაზარზე გადავერთვებით. ჩვენთვის აუცილებელ მარაგს იქ შევიძენთ“, – აღნიშნა ვიტრენკომ.
„გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსულმა კომპანიამ „ნაფტოგაზისგან“ წერილი მიიღო ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენის თხოვნით.