დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურა 1 აპრილიდან იწყება

  შემოსავლების სამსახური დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურას იწყებს. დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროცედურისთვის ვებგვერდზე დეკლარირების სპეციალური ფორმა განთავსდება. შემოსავლების სამსახურის ცნობით, დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად მოქალაქე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე: „www.rs.ge“ განთავსებულ შესაბამის ფორმაში, მხოლოდ პირადი ნომრისა და საკუთარი საბანკო რეკვიზიტის მითითებით, შეავსებს ელექტრონულ დეკლარაციას და აქვე მიიღებს ინფორმაციას მისთვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის შესახებ.
“დეკლარაციის შესავსებად მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ მიმართონ შემდეგ ბანკებს: სს ბანკი „რესპუბლიკა“; სს „პრივატბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „ბაზისბანკი“; სს „ქართუ ბანკი“; სს „კორსტანდარტ ბანკი“; სს „ბანკი კონსტანტა“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“. აღნიშნულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად, დეკლარაციებს საგადასახადო ორგანოში ბანკი თავად წარადგენს. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში, მოქალაქეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე დაერიცხება დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა. თუ 2013 წელს ხელფასის სახით მოქალაქეს დარიცხული აქვს 6000 ლარი (ანუ „ხელზე“ წლის განმავლობაში 4800 ლარი აიღო), სახელმწიფო უკან დაუბრუნებს 360 ლარს (ანუ დაუბეგრავი მინიმუმის – 1800 ლარის – 20 პროცენტს), თუ მოქალაქეს ერიცხება 1800 ლარზე ნაკლები, მაშინ უკან დაიბრუნებს იმ თანხის 20%-ს, რაც წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიიღო. საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, 25 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განთავსებულია შემოსავლების სამსახურის ვიდეორგოლი დაუბეგრავი მინიმუმის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე „www.rs.ge“ ფუნქციონირებს ვიდეოდახმარების გრაფა. საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღება მოქალაქეებს ასევე შეუძლიათ ვებგვერდზე განთავსებულ გრაფაში: „ხშირად დასმული კითხვები“ და შემოსავლების სამსახურის ფეიბუქის გვერდზე – შემოსავლების სამსახური „Revenue Service“. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის სატალეფონო ცენტრის მეშვეობით: 2 299 299 ან შეტყობინების გაგზავნით შემდეგ მისამართზე: info@rs.ge; www.rs.ge”, – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები