Kavkaz Jazz Festival – 2016 დღეს გაიხსნება
რიგით მეშვიდე Kavkaz Jazz ფესტივალი დღეს, 19.30 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობენ თულუღ თირფანის კვარტეტი და რეზო კიკნაძე სპეციალურ სტუმრებთან – მაიკლს ტრეისისთან (აშშ) და კრეიგ ვაგნერთან (აშშ) ერთად. თულუღ თირფანი თურქი კომპოზიტორი და ჯაზპიანისტია. მის შემოქმედებაში თურქული და ბალკანური ფოლკლორული მუსიკის ძალა და მელანქოლია, სუფიების მუსიკა, ტრადიციული ევროპული კლასიკური მუსიკა შერწყმულია ამერიკულ ჯაზსა და მიუზიკლთან.
თულუღ თირფანი მუშაობს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორიც არიან: ალ დი მეოლა, ტრილოკ გურტუ, ანტონიო სანჩესი და მრავალი სხვა. ჩაწერილი აქვს 10 დისკი.
„ჯაზის ელჩი“, პროფესორი, საქსოფონისტი მაიკლ ტრეისი სახელოვანი ამერიკელი პედაგოგია, მისი საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა 40 წელს ითვლის და მოიცავს 20 ქვეყანას.
სცენაზე გამოდიოდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან: ელა ფიცჯერალდი, ბადი რიჩი, ჯ.ჯონსონი, ჯონი მეისი და ჯგუფი Temptations, დევიდ ლიბმანი, დევიდ ბეიკერი, ბობი შიუ, ჯერი კოკერი. გამოშვებული აქვს 6 დისკი. კრეიგ ვაგნერი ცნობილია როგორც ამერიკის ყველაზე მრავალმხრივი ახალგაზრდა გიტარისტი. კრეიგს თავის ბენდთან ერთად Java Men ჩაწერილი აქვს 3 დისკი. მას ასევე აქვს სოლო ჩანაწერი – Color of a Mirror (1999), ხოლო ნორა ჯონსთან – Invisible House (2013).
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”. პროექტის წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. მხარდამჭერი – თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალის პარტნიორები არიან თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართელოში.