ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ნუგზარ მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენის გახსნაზე და მხატვრის ნამუშევრების კატალოგის პრეზენტაციაზე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ნუგზარ მეძმარიაშვილის მიერ შესრულებული 75 ფერწერული და გრაფიკული ტილო. ასევე, ციფრული ფერწერისა და გრაფიკის ნამუშევრები, რომელთა უმეტესი ნაწილი ბოლო წლებშია შექმნილი და ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება.
ნუგზარ მეძმარიაშვილი 1945 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა. 1968 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მისი სადიპლომო ნამუშევარი, მოზაიკური პანო „პრომეთე” შესრულებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფუნდამენტური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში.
ნუგზარ მეძმარიაშვილი 1971 წლიდან საქართველოს მხატვართა კავშირის წევრია, ხოლო 1982-87 წლებში იგი იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი. 1982 წელს მას მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1987-89 წლებში კი თბილისის სამხატვრო აკადემიის პრორექტორი გახლდათ. მხატვარს არაერთი პერსონალური გამოფენა ჰქონდა თბილისსა და მოსკოვში. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ რესპუბლიკურ, საკავშირო თუ საერთაშორისო ჯგუფურ გამოფენაში. მისი ნამუშევრები საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ამერიკის, ისრაელის, იუგოსლავიის, უნგრეთისა და რუსეთის კერძო კოლექციებშია. გამოფენა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით. გამოფენა 2016 წლის 15 ივნისამდე გაგრძელდება. მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები