კულტურის სამინისტრო: „სოტბის” აუქციონზე ფიროსმანის და გუდიაშვილის ნამუშევრების რუსული სექციიდან გადასატანად მუშაობა მიმდინარეობს
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს განმარტებით, ბრიტანეთში ორ სააუქციონო სახლთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამჯერად „სოტბის“ აუქციონზე ქართველი ავტორების რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციიდან სხვა სექციაში გადასატანად მუშაობა გრძელდება.
„კვირა“ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს დაუკავშირდა:
„მაისის თვეში მივმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ოფიციალური წერილით – სააუქციონო სახლებთან ურთიერთობაში დაგვხმარებოდნენ, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჩვენს წერილს მოჰყვა ძალიან სწრაფი რეაგირება. მათ აცნობეს ბრიტანეთში ჩვენს საელჩოს, ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს და მისი მხრიდანაც სწრაფი რეაგირების საფუძველზე შედეგი უკვე მივიღეთ. საელჩომ ორ ბრიტანულ აუქციონზე დააგზავნა ოფიციალური წერილები. ერთი არის მაკდუგალის სააუქციონო სახლი და მეორე კი „სოტბის“ აუქციონი. რაც შეეხება მაკდუგალის სააუქციონო სახლს, იქაც გადის ლადო გუდიაშვილის ტილო, სადაც მათსავე მომზადებულ პრესრელიზში უკვე მითითებულია, რომ ტილო წარდგენილია რუსული და ქართული ხელოვნების აუქციონზე. რაც შეეხება „სოტბის“ აუქციონს, ამ შემთხვევაში ჩვენი თხოვნის და ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წერილის საფუძველზე, მათ ხაზგასმით აღნიშნეს ოფიციალურ ვებგვერდზეც, რომ ეს არის ორივე ქართველი მხატვარი, თუმცა ამ ეტაპზე მაინც რუსულ სექციაში არიან წარდგენილნი“,- განაცხადა კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა.
კულტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ მუზეუმის წარმომადგენლების ინფორმაციით, სექციის ცვლილებას დრო სჭირდება, ამიტომ 7 ივნისისათვის „სოტბის“ აუქციონზე გუდიაშვილისა და ფიროსმანის სექციის ცვლილება ვერ მოხერხდება. სამინისტროში აცხადებენ, რომ „სოტბის“ აუქციონზე ასევე ავთო ვარაზის ნახატია წარმოდგენილი, რომელიც თანამედროვე აღმოსავლეთის სექციაშია განთავსებული.
ქართველი მხატვრების – ნიკო ფიროსმანის და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრებს 7 ივნისს ლონდონის „სოტბის“ სააუქციონო სახლი რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში გაყიდის.
„სოტბის“ სააუქციონო სახლის ვებგვერდის ინფორმაციით, ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის – „ჩვენი ნიკო“ საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია, ფიროსმანის „შველი წყლის პირას“ საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება.
2015 წლის ივნისში, ლონდონში, კრისტის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „არსენალის მთა“ ასევე რუსული მხატვრობის სექციაში იყო განთავსებული. ნახატი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 1 486 100 დოლარად შეიძინა.
ფიროსმანის ნამუშევრის რუსულ სექციაში განთავსებასთან დაკავშირებით, გასულ წელს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ეროვნული მუზეუმი მუშაობდა საკითხზე და თუ აუქციონზე ქართული სექცია არ შეიქმნებოდა, ევროპის სექციიდან მომხდარიყო ქართველი ავტორების ნამუშევრების გატანა. მიმდინარე წელს აუქციონზე ფიროსმანისა და გუდიაშვილის ტილოები კვლავ რუსულ სექციაშია, თუმცა ორივე მხატვარს ფრჩხილებში მითითებული აქვს – ქართველი.