„გაღმით სამშობლოს მთებია“ – წიგნის წარდგინება გაიმართა

„გაღმით სამშობლოს მთებია“ – ასე ეწოდება კრებულს, რომლის პრეზენტაცია თბილისის მოსწავლე – ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა.
რომანის ავტორი საბერძნეთში, 25 წელი ემიგრაციაში მყოფი ბათუმელი მწერალი ნანა ჩხაიძეა. ავტორი მოგვითხრობს სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში მყოფი ქართველების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასახავს იმ რეალურ და რთულ ცხოვრებას, რომლის გადატანა მათ ყოველდღიურად უწევთ.
„გაღმით სამშობლოს მთებია“- წიგნის პრეზენტაცია საქართველოში დიასპორის დღეების ფარგლებში გაიმართა, საქართველოს დიასპორის სამინისტროს, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის -„წმინდა ანდრიას ჯვარის“ და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „მემკვიდრეობა“ ფარგლებში.
„ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „მემკვიდრეობა“ მიზანია შემოქმედი ადამიანების პოპულარიზაცია და წარმოჩენა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს ქვეყანას უკეთ გავაცნოთ საქართველოს კულტურა და მოვახდინოთ მათი პოპულარიზაცია. ნანა ჩხაიძე ის პოეტი, მწერალი და შემოქმედი ადამიანია, რომელიც თავისი ქვეყნიდან შორს უფრთხილდება და ეფერება სამშობლოს. მისი ლექსები გულიდან ამღერებული პოეზიაა, სიყვარულის, ქვეყნის სადიდებლად“, – განაცხადა ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „მემკვიდრეობა“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ.
„ბავშვობიდან ვწერდი. მქონდა წყვეტა ემიგრაციაში გამგზავრების, იქ დამკვიდრებისათვის ბრძოლისა და უდროობის გამო. სტუდენტობის მეგობრებმა არ მაპატიეს და, მათი თხოვნით, 20 წლის შემდეგ პირველი კრებული – ,,წმინდა საყდარი ” გამოვეცი.
,,მე ემიგრანტი მქვია” და ,,გაღმით სამშობლოს მთებია” ემიგრანტების ყოფა-ცხოვრების, ტკივილების და ნატვრის ამსახველი თემატიკით არის დატვირთული.
„გაღმით სამშობლოს მთებია“ დაიწერა ერთ-ერთი ემიგრანტის სამშობლოში გამოცილების მერე, როდესაც გავითავისე, რომ ის ცოტა ხნის შემდეგ, სამშობლოს მთებს გაღმა აღმოჩნდებოდა და მე და ჩემსავით ბევრი ემიგრანტი აქეთ დავრჩებოდით. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, ამეღწერა ის განცდები, რასაც ატარებენ ემიგრანტები. საქართველოში პრეზენტაციის გამართვაც სწორედ ამან გადამაწყვეტინა. მინდოდა ქართველ ხალხს წაეკითხა და გაეგო ემიგრანტების ტკივილიანი ცხოვრების შესახებ. წიგნის გმირები სალონიკში მცხოვრები ემიგრანტები არიან და თითოეულ მათგანს საქართველოში ჰყავს შვილები, შვილიშვილები, მეუღლე და ნათესავები. ეს მათი ცხოვრების ამსახველი რეალური ფაქტებია“, – გვითხრა ნანა ჩხაიძემ.
ღონისძიება ნანა ჩხაიძის ინიციატივით საქველმოქმედო იყო. მწერლის გადაწყვეტილებით თითოეული წიგნიდან შემოსული თანხა გადაეცა მიხეილ სხვიტარიძეს. მიხეილს აქვს ძვლის სიმტკიცის დაქვეითება და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა – „მართვემ“, ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა – „სამამ“, ახალგაზრდა პოეტმა ნიკა ფუტკარაძემ, კომპოზიტორმა და მომღერალმა მერაბ სიამაშვილმა, მომღერალმა მაგდა ივანიშვილმა, საქველმოქმედო ფონდის „თბილი სამყარო“ დამფუძნებელმა ანა ლაშხელმა. პოეტის ლექსები წაიკითხეს: ნია ტაკიძემ, სალომე ელიავამ, ანი ნიკოლეიშვილმა, ანი ლეჟავამ, გიგა გიგაშვილმა, სტუდია „გუთანმა“, გაიმართა ნია ტაკიძის და სალომე ელიავას ნამუშევრების გამოფენა. „ღონისძიება მრავალფეროვანი და შემოქმედებითად მაღალი დონის იყო. დიასპორის სამინისტრო მზადაა, ხელი შეუწყოს ემიგრანტებს. მოხარულნი ვართ, რომ ეს ღონისძიება ჩვენი ეგიდით გაიმართა. მადლობა ქალბატონ ნანას და თითოეულ ემიგრანტს“, – განაცდახა დიასპორის სამინისტროს წარმომადგენელმა თემურ ტარტარაშვილმა.
13390847_1317001408328464_1922440982_n 13384947_1317001414995130_720189018_n 13349136_1317001424995129_1728394098_n 13393183_1317001428328462_597079454_n 13348936_1317001398328465_569411753_n 13384921_1317001434995128_1946308620_n 13382269_1317001418328463_1520519854_n 13349165_1317001421661796_1642012671_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები