მეშვიდე Kavkaz Jazz – ფესტივალი იწყება

Kavkaz Jazz – ფესტივალი 8 ივნისს, 19.30 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიხსნება. კონცერტში მონაწილეობენ თულუღ თირფანის კვარტეტი და რეზო კიკნაძე სპეციალურ სტუმრებთან – მაიკლს ტრეისისთან (სახსოფონი) და კრეიგ ვაგნერთან ერთად (გირატა).
თულუღ თირფანი თურქი კომპოზიტორი და ჯაზპიანისტია. მის შემოქმედებაში თურქული და ბალკანური ფოლკლორული მუსიკის ძალა და მელანქოლია, სუფიების მუსიკა, ტრადიციული ევროპული კლასიკური მუსიკა შერწყმულია ამერიკულ ჯაზსა და მიუზიკლთან. თულუღ თირფანი მუშაობს ისეთ ცნობილ შემსრულებლებთან, როგორიც არიან: ალ დი მეოლა, ტრილოკ გურტუ, ანტონიო სანჩესი და მრავალი სხვა. ჩაწერილი აქვს 10 დისკი.
„ჯაზის ელჩი“ მაიკლ ტრეისი სახელოვანი ამერიკელი პედაგოგია, მისი საშემსრულებლო და პედაგოგიური მოღვაწეობა 40 წელს ითვლის და მოიცავს 20 ქვეყანას. სცენაზე გამოდიოდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორიც არიან: ელა ფიცჯერალდი, ბადი რიჩი, ჯ.ჯონსონი, ჯონი მეისი და ჯგუფი Temptations, დევიდ ლიბმანი, დევიდ ბეიკერი, ბობი შიუ, ჯერი კოკერი. გამოშვებული აქვს 6 დისკი.
კრეიგ ვაგნერი ცნობილია როგორც ამერიკის ყველაზე მრავალმხრივი ახალგაზრდა გიტარისტი. კრეიგს თავის ბენდთან ერთად Java Men ჩაწერილი აქვს 3 დისკი. მას ასევე აქვს სოლო ჩანაწერი – Color of a Mirror (1999), ხოლო ნორა ჯონსთან – Invisible House (2013).
9 ივნისს, 19.30 საათზე კონცერტი გაიმართება მოძრაობის თეატრში. მისი მონაწილეები გახდებიან ახალგაზრდა ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი შემსრულებლები – „კანუდოსი“ გიროდან, THE Birds ერევნიდან და J.E.F. Experiment ბაქოდან.
11 ივნისს ფესტივალი გადაინაცვლებს ახალციხეში. გალაკონცერტში, რომელიც რაბათის ციხეში გაიმართაბა, მონაწილეობას მიიღებენ: ჯგუფი ARTE (ირანი), მიქაელ ვოსქანიანი & მეგობრები (სომხეთი) და ჯგუფი „სტუმრები“ (საქართველო). კონცერტთან ერთად დაგეგმილია ხალიჩების ფესტივალი “რაბათის” საზეიმო გახსნა.
ასევე, 9 ივნისს 13.00 საათზე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება „მრგვალი მაგიდა“, რომელსაც გაუძღვება ზურაბ ქარუმიძე. მუსიკალური ექსპერტები, ჟურნალისტები და კრიტიკოსები საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან განიხილავენ რეგიონში მუსიკალურ ბაზარზე არსებულ ვითარებას.
პროექტის ორგანიზატორია არასამთავრობო ორგანიზაცია ”Art Bridge”. პროექტის წარმდგენია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მხარდამჭერი – თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი. ფესტივალის პარტნიორები არიან: თურქული კულტურის ცენტრი Yunus Emre, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, გოეთეს ინსტიტუტი, ირანის ისლამური რესპიბლიკის საელჩო საქართველოში.
13390880_1316959191666019_227115151_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები