არჩილ თალაკვაძე აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან კავშირს უარყოფს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან არც მას და არც მის კოლეგებს არავითარი კავშირი არ აქვთ.
როგორც თალაკვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, მას „აუდის“ მარკის თეთრი ავტომობილი არასოდეს ჰყოლია.
„რუსთავი 2“-მა 31 მაისის 9:00 საათიან გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბაშიძის ქუჩაზე სუპერმარკეტთან მთვრალმა ახალგაზრდებმა ღამით გადაკეტეს ქუჩა და თითქოს ინციდენტში არჩილ თალაკვაძის თეთრი “აუდი”-ს მარკის ავტომანქანა ფიგურირებს.
მეგობრებო, ინციდენტთან რომელზეც საუბარი იყო “რუსთავი 2”-ის სიუჟეტში, არავითარი კავშირი არც მე და არც ჩემს კოლეგებს არ გვაქვს. თეთრი „აუდიც“ არ არის ჩემი და არასოდეს არ მყოლია. ჩემს მძღოლს, 50 წლის პროფესიონალს, რომელიც 2013 წლიდან დღემდე მემსახურება, კანონი არასოდეს დაურღვევია და არც ამ შემთხვევასთან აქვს რაიმე კავშირი.
ყოველთვის თავს ვიკავებდი რომელიმე მედიასაშუალების ლანძღვისგან და არც ახლა ვაპირებ ლანძღვით ვუპასუხო ამ ტყუილს.
ამ ფაქტზე, რომელზეც რეაგირება მაშინვე მაოხდინა პოლიციამ, ვრცელი განმარტება ჩვენმა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა და რატომღაც „რუსთავი 2“-მა ეს განცხადება არ გამოიყენა დღევანდელ სიუჟეტში”, – წერს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ცეკვავენ აბაშიძის ქუჩაზე ახალგაზრდები „აუდის“ მარკის თეთრ ავტომობილზე, ისმის სროლის ხმაც. „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილი არჩილ თალაკვაძეს ეკუთვნის.
ამასთან, გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ინციდენტში მონაწილე პირი შს მინისტრის მოადგილის პირადი მძღოლი არ არის.  უწყების ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.
უწყების ცნობით, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლით (ხულიგნობა).
იარაღს, რომლიდანაც ინციდენტის დროს ჰაერში გასროლა განხორციელდა, ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ეს იყო აირის პისტოლეტი, რომელიც თ.ჯ.-ს შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები