დიმიტრი ხუნდაძე: პრეზიდენტის შენიშვნები გასაზიარებელია

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტის დღევანდელ ვეტოს ეხმაურება. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებებზე პრეზიდენტის შენიშვნები გასაზიარებელია.
„ვფიქრობ, წარმოდგენილი შენიშვნები გასაზიარებელია და დიდი ალბათობით მოხდება შეთანხმება. ძალიან კარგია, როცა სახელმწიფო ინსტიტუციებს შორის არის ურთიერთგაგება და თუ იქნა ბოლომდე გათვალისწინებული და შეთანხმება მიღწეული, დიდი ალბათობით ვეტოს მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.
თავის მხრივ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, კარგია, რომ პოზიციებზე შეჯერება მოხდა.
”როგორც პრეზიდენტმა თქვა, ამ პროცესს წინ უძღოდა წინასწარი სამუშაო, კონსულტაციები, სამართლებრივი არგუმენტების მოსმენა და დაახლოება როგორც პრემიერ-მინისტრის, ასევე ჩვენი და პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან. ეს იყო წმინდა სამუშაო პროცესი. იყო შედეგზე ორიენტირებული. კარგია, რომ ძირითად საკითხებზე შევჯერდით”, – აღნიშნა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტმა „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა უმრავლესობა დაეთანხმოს პრეზიდენტის შენიშვნებს და ვეტოს დაძლევაზე საუბარი აღარ იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები