მოსამართლე ნიკა გვარამიას: თუ გამართლდება თქვენი პოზიცია, გავიხდი მანტიას
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ნათია გუჯაბიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ბრალდებას იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლეები თეა წულუკიანის მიერ დაწერილი გადაწყვეტილების გამოტანას გეგმავენ, სასამართლო პროცესზე უპასუხა.
ნათია გუჯაბიძემ გვარამიას ტესტის ჩატარება შესთავაზა.
„თქვენ არაერთხელ გააჟღერეთ, რომ ვკითხულობთ თეა წულუკიანის დაწერილ გადაწყვეტილებებს. ისიც თქვით, რომ ამ გადაწყვეტილების ნიუანსებიც იცით. რჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილებაც იცით და წაკითხული გაქვთ. საჯარო სხდომაზე, საჯაროდ გთავაზობთ, როდესაც მოვა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ჩვენ გამოვაცხადებთ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, თქვენ პაკეტში დალუქული სახით იქონიეთ „იმ ვიღაცის“ დაწერილი გადაწყვეტილება და საჯაროდ გახსენით. თუკი დაემთხევევა ჩვენ მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება, იმის მიუხედავად, თქვენთვის სასარგებლო იქნება, თუ თქვენს საწინააღმდეგო, საჯაროდ ვაცხადებ, რომ გავიხდი მანტიას და დავტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა გუჯაბიძემ.
ამასთან, მოსამართლე დაჰპირდა ნიკა გვარამიას, რომ მანტიის გახდის შემდეგ, „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს ექნება უფლება, მოსამართლის მისამართით სისხლის სამართლის საქმე აღძრას.
„ჩავატაროთ ეს ტესტი, თუ გამართლდება თქვენი პოზიცია, მე დავტოვებ ჩემს თანამდებობას, თუ არადა, მაშინ ყველა დავინახავთ, რომ შეცდომაში შეგყავთ საკუთარი თავი, სასამართლო და საზოგადოება. ჩააბარეთ ეს ტესტი სასამართლოსაც და საზოგადოებასაც. რაოდენ რთული სამართლებრივი საკითხიც არ უნდა იყოს, მე არავისი გადასაწერი არაფერი მჭირს“, – განაცხადა მოსამართლე ნათია გუჯაბიძემ.