საქართველოს აშშ-ის ევროპული სარდლობის J-4 ლოგისტიკის დირექტორი ეწვია

      დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის J-4 ლოგისტიკის დირექტორი, ბრიგადის გენერალი ბლაინ ჰოლტი იმყოფება. მას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაკო ავალიანმა და გენერალური შტაბის უფროსმა უმასპინძლეს. მხარეებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო შესაძლებლობების განვითარების პროგრამის მიმდინარეობა განიხილეს. ვაკო ავალიანმა სტუმრებს 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვის პროგრამაც გააცნო. დაშავებული სამხედროები პროთეზირების პროგრამას აშშ-ში, სან დიეგოს პიტერ ჰარშის კლინიკაში, საქართველოს თავდაცვის უწყების დაფინანსებით გადიან. ქართულმა მხარემ სტუმრებს დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კურსის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის სმაინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრის გარემონტებისა და შესაბამისი ტექნიკით აღჭურვის პროექტზე, რომელიც აშშ-ის ფინანსური და მატერიალური დახმარებით ხორციელდება. პროექტის მიხედვით, თბილისის სარეაბილიტაციო ცენტრი ფუნქციონირებას 2016 წლის აგვისტოსთვის დაიწყებს. შეხვედრაზე პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური დეტალებიც განიხილეს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მკურნალობა-რეაბილიტაციის სრული პროცესის ინსტიტუციონალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეში ჩვენს გვერდით დგანან ჩვენი პარტნიორები აშშ-დან. მიმდინარეობს რეაბილიტაციის ცენტრის მშენებლობა. ეს პროგრამა სამ ეტაპადაა დაყოფილი. ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს აბსოლუტურად იგივე მომსახურება ექნებათ, რაც აქვთ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოთა სამხედრო მოსამსახურეებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ან ნატოს სხვა სახელმწიფოებში“, – განაცხადა ვაკო ავალიანმა.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი გენერალი თბილისში, კედიას ქუჩაზე მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრს, თავდაცვის ეროვნულ აკადემიასა და გორის სამხედრო ჰოსპიტალს მოინახულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები