რატომ გადახტა ხიდიდან 19 წლის თორნიკე ხომასურიძე (ვიდეო)

თორნიკე ხომასურიძემ რამდენიმე წლის წინ მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა. მეგობრისთვის უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ ხიდიდან გადახტომას აპირებდა. რას გრძნობს ადამიანი, როცა ჰაერში თვისუფალი ვარდნით მიფრინავს და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება 19 წლის ახალგაზრდამ…13282221_1308479845847287_100351792_n

– პროფესიით “Motion design”-ერი ვარ. ვაკეთებ სხვადასხვა სტილის ანიმაციებს და გრაფიკულ დიზაინს.
– რატომ გახდა შენთვის “Motion design“ -ი საინტერესო?
– პატარა რომ ვიყავი, მქონდა ბევრი მარკა და ძალიან მიყვარდა. მაშინ კარგად ვერთობოდი, რომ გავიზარდე, დიზაინმა დამაინტერესა და ვცდილობდი, ახალი რაც იყო ამ კუთხით, ყველაფერი მენახა. ვიდეოებს ვუყურებდი და ძალიან მომინდა ჩემთვისაც შესაძლებელი ყოფილიყო გრაფიკის გაკეთება, დავჯექი და ჩემით ვისწავლე .
– ხატავ?
– ფანქრით არა, უფრო პროგრამაში ხატვა მეხერხება.
– რადენად რთული იყო სწავლა, თან როცა შენით ისწავლე…
– რთული არ იყო, უბრალოდ ეს ყველაფერი დროში გაიწელა. როცა შეიძლებოდა, რომ სადმე წავსულიყავი და მესწავლა. იქ უფრო მალე ვისწავლიდი, ან რამე კურსი გამევლო. მე კი ეს ყველაფერი ჩემით გავაკეთე. ასეთ შემთხვევაში, როცა შენით გიხდება ყველაფრის მოძიება, მთავარია განსაკუთრებული ინტერესი. მახსოვს, საათობით მონიტორთან რომ ვიჯექი, მშობლები მეჩხუბებოდნენ: წადი, ფეხბურთი ითამაშე, კალათბურთი ან მეგობრები ნახეო. თუმცა არაფერი გამოსდიოდათ და ასე იქცა „Motion design“-ი ჩემს პროფესიად.
– და ერთ დღეს, გადახტი ხიდიდან…
– უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან რომ ხიდია, დაახლოებით 70 მეტრის სიმაღლეზე, ამ ხიდიდან გადმოვხტი. მაშინ პატარა ვიყავი, ალბათ, 19 წლის… რატომ გადმოვხტი? სიმაღლის შიში მქონდა და მინდოდა ეს შიში დამეძლია. თუმცა, არ გაამართლა, იმიტომ რომ ახლა უფრო მეშინია…
– ხიდიდან გადმოხტომისთვის მზადება როგორ ხდება…
– ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ძალიან მინდოდა “Rope Jumping”-ით ხიდიდან გადახტომა. იმ ზაფხულს დაიწყო ზუსტად, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან რომ ხიდია, იქიდან ხტებოდნენ. მეგობარმა დამირეკა, ვიცი, რომ შენც გინდაო და მეც სიხარულით გავვარდი. რომ მივედი, ძალიან ბევრი ხალხი იყო, ვისაც გადახტომა უნდოდა. სიტუაციას ვუყურებდი და ნელ-ნელა ვითრგუნებოდი, თითქოს ჭკუიდან გადავედი. რა თქმა უნდა, ძალიან მეშინოდა. ნელ-ნელა მოდის ჩემი რიგი, რაც უფრო ახლოს ვარ, მით უფრო მეშინია. ერთი გოგო იყო, რომელიც დამცავ სამაგრებს მიკეთებდა, ისეთი საყვარელი, ისეთი გამხდარი და პატარა იყო, ვიფიქრე, ამან როგორ უნდა გამიკეთოს და როგორ უნდა ვენდოთ-მეთქი. მერე ორგანიზატორს, ირაკლი გუჯაბიძეს ვთხოვე და მან ჩამაცვა სპეციალური აღჭრვილობა.
– იცოდნენ, რომ გეშინოდა?13288861_1308479842513954_1275635596_n
– ყველამ იცოდა და ყველა ხედავდა. სახეზე მეტყობოდა, საერთოდ წაშლილი ვიყავი… მოვიდა ჩემი რიგი და გადავედი მოაჯირზე გარედან. გამზადებული ვარ, რომ გადავხტე, გავფრინდე. ირაკლი გუჯაბიძემ მითხრა, სამამდე დავითვლი, თუ გადახტები გადახტები, თუ არადა, უნდა გადმოხვიდეო.
მესმის, როგორ ითვლიან… მე აღარ ვაზროვნებ ერთადერთი ვიცი, რომ სამზე უნდა გადავხტე. ერთზე ფეხები ამიკანკალდა, ორზე სუნთქვა შემეკრა და სამზე აღარაფერი მახსოვს. მერე ჰაერის ტალღა მეჯახებოდა სახეში და ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. ამას მართლა ვერ ავხსნი.
– რომ გადახტი და მიფრინავდი, ეს გახსოვს?
– კი, როგორ არ მახსოვს, თვალები რაც შეიძლება დიდზე მქონდა სპეციალურად გახელილი, რომ ყველაფერი დამენახა და დამემახსოვრებინა. სუნთქვით, ვერ ვსუნთქავდი, იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ხდება ეს ყველაფერი, იმხელა ჰაერის ნაკადი მეჯახებოდა. ახლაც მახსოვს ხმა, რომელიც მაშინ მესმოდა. საოცარი შეგრძნებაა და ალბათ ოდესმე კიდე გავიმეორებ უფრო დიდი ადგილიდან, ოღონდ პარაშუტით…
– როგორი თოკით გადახტი?
– ორნაირი თოკი არსებობს. ერთი არის „bungy jumping”, რომლის დროსაც თოკი ვერტიკალურად იწელება, ჩემი კი ჩვეულებრივი მთასვლელური თოკი. ოღონდ ასე პირდაპირ კიარ ხტები, მერე ტრაექტორიას იღებ მარჯვნიდან ხტები, რომ მერე გაქანდე და ჰორიზონტალურად, მერე ნელ-ნელა ჩამიშვეს დაბლა და ამოვედი. კიდე მინდოდა, ძალიან გავთამამადი. იმ წუთას ისევ ვცდიდი, მაგრამ ბევრი ხალხი იყო და მომერიდა. მას მერე, სამწუხაროდ, უბედური შემთხვევა მოხდა და ხიდიდან ხტომა აღარ ყოფილა.
– ექსტრემალი ხარ და სხვებზე მეტად გამბედავი?
– ასეც არ არის, მეშინოდა და ეს შიში ვერ დავძლიე. რაც უფრო გეშინია, მით უფრო მეტი ადრენალინი გამოიყოფა. პარაშუტით რომ გადმოვხტები, უფრო შემეშინდება და ალბათ უფრო სასიამოვნო იქნება ჩემთვის.
– მეორე გატაცება სკეიტბორდია…
– სამი წლის წინ ბათუმში „ექსტრემ ფესტივალი“ ჩატარდა.  მეგობრებთან ერთად ვიყავი. ასეთი რამე საქართველოში თუ იქნებოდა, არც მეგონა. თუმცა, შემდეგ წელს აღარ ჩატარდა. ახლა არის ხოლმე პატარ-პატარა შეჯიბრებები, მაგრამ მე იმის მერე აღარ ვყოფილვარ.
– შეიძლება ის შეგრძნებები აღარ გინდოდეს?
– როგორ არა, მინდა ხოლმე ექსტრემი ისევ გამოვცადო, მაგრამ ძალიან იშვიათად. არა ისე, როგორც ადრე. 14 წლის ვიყავი, მშობლებმა სკეიტი რომ მაჩუქეს. იმის მერე ტრიუკების გაკეთებას ვცდილობდი, ვწვალობდი და სულ რაღაც მქონდა ნატკენი. დილით რომ გავიდოდი სახლიდან, ღამე ვბრუნდებოდი დასვრილი, სისხლიანი, მშიერი… ახლა ცოტა კომფორტის მოყვარული გავხდი, ამიტომ მე და ჩემი მეგობარი ვსეირნობთ საღამოობით სკეიტით.
– როგორი იყო მაშინდელი თორნიკე ხომასურიძე?
– ალბათ უფრო ბავშვური, ცნობისმოყვარე და გამბედავი… მაგრამ, მგონი, რაღაც საკითხებში ახლაც ასეთი ვარ…
– არის რამე ისეთი, რის დაძლევასაც ფიქრობ?
– არა, რამის დაძლევაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ. მივხვდი, რისიც გეშინია, ამას ვერ დაძლევ. მაგრამ მივაგენი იმას, რომ შეიძლება ამით ისიამოვნო. ისიც აღმოვაჩინე, რომ სიმაღლის შიში კი არა, გაშლილი სივრცის შიში მაქვს. შენობაში მეათასე სართულზეც რომ ვიყო, არ მეშინია, მაგრამ თუ ვდგავარ სახურავზე და ნიავმა დამიბერა, ცუდად ვხდები. ფობიაა ალბათ და ეს როგორ უნდა დავძლიო, არ ვიცი…

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები