ანა ფოტიგა ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე: მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულს
მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ანა ფოტიგა ხურჩაში მომხდარ მკვლელობას.
მისი თქმით, ინციდენტები ადასტურებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში, ბოლო პერიოდში მომხდარი მოვლენებით, რომელიც ქვეკომიტეტის დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა. ვიზიტის დროს დადებითად შევაფასე ქვეყნის მზადყოფნა, მიიღოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი, ასევე საქართველოს არმიის მოდერნიზება და მისი მომზადების დონე ნატოსთან თანამშრომლობისთვის და ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში მონაწილეობისთვის. ასევე მაღალი შეფასება მივეცი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ჩატარებულ მუშაობას.
მჯერა, და ეს ქვეკომიტეტის ვიზიტის დროს განვაცხადე კიდეც, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია უნდა დაწესდეს.
თუმცა, ჩვენი მისიის დასრულების შემდეგ ადმინისტრაციულ საზღვარზე მოხდა ძალიან შემაშფოთებელი ინციდენტი, რა დროსაც საქართველოს მოქალაქე, არსებული ინფორმაციით, სეპარატისტმა აფხაზმა „მესაზღვრეებმა“ მოკლეს.
მკაცრად ვგმობ ამ დანაშაულს და მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას გამოძიებისკენ და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემისკენ. ეს ინციდენტები ადასტურებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი“,- აცხადებს ანა ფოტიგა.