რა შეუძლია თეატრს… ბადრი წერედიანის შემოქმედებითი სამყარო

„მიშა თუმანიშვილი ამბობდა, რომ „საკუთარ თავში ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა აღმოაჩინოს რეჟისორიო“.  ბავშვობაში აღმოჩენილი მიზანი და პროფესია, რომლის ნიჭიც დაბადებიდან უნდა გაგაჩნდეს. ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი „პერსონას“ მკითხველს რეჟისორის საინტერესო ცხოვრებაზე და პრობლემებზე მოუყვება…13235818_1301383249890280_177870956_n

– ბადრი წერედიანი – პერსონა…
– დავიბადე აფხაზეთის ქალაქ გაგრაში. ბიძაჩემი ნუგზარ წერედიანი სოხუმის თეატრის მსახიობი იყო და ახლაც არის. ჩემი პირველი შთაბეჭდილება სოხუმის დრამატულ თეატრს უკავშირდება, ბიძაჩემი რეპეტიციებზე, სპექტაკლებზე რომ დადიოდა. ყოველთვის მიტაცებდა თეატრი, მაგრამ როდესაც ვნახე გოგი ქავთარაძის „ერთი ცის ქვეშ“, სადაც ნოდარ დუმბაძის მოთხრობები იყო გაერთიანებული, მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს ჩემი ადგილი იყო…
– მსახიობობაზე არასოდეს გიფიქრიათ?13233270_1301383243223614_354617779_n
– მიფიქრია, მაგრამ ჩემთვის უფრო საინტერესო იყო ის, როგორ აკეთებდა ადამიანი იმას, რასაც ქმნიდა სცენაზე. ინსტიტუტში მათამაშებდნენ პატარ-პატარა როლებს, შემდეგ სხვა სტუდენტებმა შემომთავაზეს დიდი როლები და ერთი პერიოდი გავაპროტესტე კიდეც, რომ მე რეჟისორი ვარ და არა მსახიობი. როგორც ამბობდნენ, მქონდა ამის ნიჭი, რომ მეთამაშა, მაგრამ ჩემთვის მიმზიდველი მაინც რეჟისურა აღმოჩნდა.
– ბიძასთან ერთად თუ გითამაშიათ?
– ბიძაჩემთან არა. ჩემი პირველი წარმოდგენა იყო ჯერ კიდევ სოხუმში. ჩემი ბიძაშვილი ნიკუშა წერედიანი, რომელიც ახლა თუმანიშვილის თეატრის და სოხუმის დრამატული თეატრის მსახიობია და ჩემი ძმა – ბახვა წერედიანი, ისიც ასევე მსახიობია. ერთად დავდგით სპექტაკლი. მე ვიყავი რეჟისორი და ისინი იყვნენ მსახიობები. პატარები ვიყავით, მეზობლები და ნათესავები მოვიწვიეთ. სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. მახსოვს, ბილეთებიც გავყიდეთ და 2 მანეთამდე შევაგროვეთ. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული შემოსავალი იყო. მას შემდეგ მე გავხდი რეჟისორი და ის ორნი, გახდნენ მსახიობები.
– როცა ჩააბარეთ, გამართლდა თქვენი მოლოდინი?13219765_1301383233223615_423938296_n
– გულწრფელად ვიტყვი, დღესაც რომ მქონდეს არჩევანის პერიოდი, იგივე პროფესიას ავირჩევდი. ბედნიერებაა, როცა იმას აკეთებ რაც გიყვარს. არ ვიცი, ამაზე მეტად საინტერესო რა შეიძლება ყოფილიყო ჩემთვის. ჩავაბარე გიზო ჟორდანიას სარეჟისორო ჯგუფში. იმ პერიოდში ბიძაჩემი საერთოდ არ იმყოფებოდა საქართველში. ქალბატონი ქეთი ხარშილაძე (ქართველი რეჟისორი, რომელიც ამჯამად ამერიკაშია) მეხმარებოდა, რომ გავრკვეულიყავი, რა უნდა წამეკითხა. 4 ადგილი იყო უფასო და ერთ-ერთზე გიზო ჟორდანიამ მე ამიყვანა. ბატონი გიზოს დღემდე მადლიერი ვარ ამისთვის. 5 წლის განმავლობაში ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენი ჯგუფი საკმაოდ საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი ჯგუფიდან გამოშვებული რეჟისორები დღესაც მოქმედი რეჟისორები და სამხაატვრო ხელმძღვანელები არიან… შემდეგ 2 წელი ბატონ თემურ ჩხეიძესთან ვიყავი. ჩემს ცხოვრებაში ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია.13250429_1301383209890284_1535417862_n
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ რეჟისორი იყო…
– მიშა თუმანიშვილი ამბობდა, რომ „საკუთარ თავში ადამიანმა ერთხელ მაინც უნდა აღმოაჩინოს რეჟისორიო“. იმისთვის, რომ რეჟისორი იყო, უამრავი რამეა საჭირო, რა თქმა უნდა, განათლება, ნიჭი, აზროვნება, თატრი ხელოვნების ყველა სფეროს მოიცავს. ეს არის პროფესია, რომლის ნიჭი ადამიანს ან აქვს, ან – არა. მიმაჩნია, რომ რეჟისურა არის პროფესია, რომელსაც მთელი ცხოვრება სწავლობ. ისევე როგორც მხატვარი, მუსიკოსი და ა.შ. როგორც კი იტყვი, რომ რაღაც ეტაპზე მორჩი სწავლას, მაშინ დიდი საფრთხე იქმნება იმისა, რომ არაფერი იცი…
– დამოუკიდებელი რეჟისორი და პირველი ნაბიჯები…13219929_1301383226556949_2000934661_n
– ჩემი მოღვაწეობა ბატონ თემური ჩხეიძესთან დაიწყო, დგამდა სპექტაკლს: „ზღვა, რომელიც შორია“,  აფხაზეთის თემაზე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ, მართლაც, ლეგენდარული სპექტაკლია. ჩვენი სახელოსნოს დამთავრების შემდეგ, ბატონმა თემურმა შექმნა მისი პირველი შეოქმედებითი სახელოსნო, სადაც იყვნენ: გეგა ქურციკიძე, მამუკა ტყემალაძე, გოგა თავაძე, რომელიც მისი ასისტენტი იყო და მე. სადიპლომო სპექტაკლი უნდა გამეკეთებინა და ბატონმა თემურმა შემომთავაზა, ვყოფილიყავი მისი ასისტენტი. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. ამის შემდეგ სპექტაკლის დასადგმელად სოხუმის თეატრში მიმიწვიეს, სადაც ჩემი პირველი სპექტაკლი იყო „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“. აქედან დაიწყო ძიებები, სპექტაკლები, პროექტები. 6 წელი თეატრალურ უნივერსიტეტში ვიყავი როგორც პედაგოგ-ასისტენტი. ნელ-ნელა წავიდა პროცესი, როგორც ხდება ხოლმე. დღეს უკვე ამ თეატრის დასის მოწვევით ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ.
– სოხუმის თეატრში ბიძათქვენთან ერთად თუ მოგიწიათ მუშაობა?13220025_1301383216556950_1628271738_n
– ჩემს სპექტაკლკში ბიძაჩემი დაკავებული არ მყავდა. ალბათ იმიტომ რომ ბიძაჩემი იყო… ყოველი სპექტაკლი რეჟისორისთვის გამოცდაა და, რა თქმა უნდა, როცა პირველ დამოუკიდებელ სპექტაკლს ქმნი, ამ დროს მხარდაჭერა ძალიან გჭირდება. მადლობა იმ ხალხს, ვინც მაშინ მე დამიჯერა და გვერდით დამიდგა. მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მომენტი ფსიქოლოგიურად და პროფესიულად ადამიანს მთელი ცხოვრება გაჰყვება. ახლაც იგივე მეორდება, ბატონი თემურ ჩხეიძის მეორე შემოქმედებითი სახელოსნოს სტუდენტი, ბატონი გიორგი ქათამაძე ჩვენთან სპექტაკლს დგამს. რა თქმა უნდა, ყველანაირად ხელს შევუწყობ, რადგან ვიცი, რა განცდები აქვს ადამიანს, როცა პირველ დამოუკიდებელ სპექტაკლს აკეთებს…
– ზუგდიდის თეატრი …13219581_1301383203223618_634912559_n
– ის პერიოდი, რასაც ახლა ზუგდიდის თეატრთან ერთად გავდივარ, ჩემთვის ძალიან საინტერესოა. თეატრი 2 წელიწადში 150 წლის ხდება. ამდენად, ძველია მისი თეატრალური კულტურა. როდესაც ამ თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად წასვლა შემომთავაზეს, ერთი სპექტაკლი უკვე გაკეთებული მქონდა. ვიცოდი თეატრის ტექნიკურად წარმოუდგენლად მძიმე მდგომარეობა. მაშინაც ბატონმა თემურ ჩხეიძემ მითხრა, ვფიქრობ, უნდა წახვიდეო, ყველაზე მძიმე, მაგრამ ყველაზე პროდუქტიული იქნებაო. სამი წელია, რაც აქ ვარ და არ მინანია არცერთი წამი. დიდი ტრადიციების თეატრია. ეს ხალხი უამრავჭირგამოვლილია და ნამდვილად გმირები არიან ჩემს თვალში. დღეს არის ერთადერთი თეატრი რეგიონში, რომელსაც უშუალოდ შეეხო სამოქალაქო ომი. აქ სამხედრო ნაწილები იყო განთავსებული და მათ მაშინაც არ დაუტოვებიათ თეატრი. იმ პერიოდში, როცა არავის ეცალა თეატრისთვის, ამ ხალხის თავდადებამ დღემდე მოიტანა.13220142_1301383223223616_157419102_n
– რა სამყაროა თეატრი, სადაც არც საფრთხე და არაფერი გაჩერებს…
– თეატრი მსახიობისთვის, რეჟისორისთვის, შემოქმედი ადამიანისთვის არ არის უბრალოდ სამსახური. მსახიობები არ ამბობენ – სამსახურში მივდივარ. შენობის დატოვება ვერავის წარმოუდგენია, რომ დაინგრეს, ეს ხალხი შიგნით დარჩება. ალტერნატივა არც კი განიხილება. როგორც ამბობენ, თეატრი მეორე სახლია, მე ჩემი გამოცდილებით ვიტყვი, რომ ის – პირველია. მიუხედავად იმისა, რომ სამი წელია, რაც აქ ვარ, შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრება აქ ვიყავი, აი ეს შეუძლია თეატრს. სამწუხაროდ, დარბაზს შეექმნა ძალიან დიდი პრობლემა და მაყურებელი ვეღარ შეგვყავს. მაგრამ მინდა გითხრათ კარგი ინფორმაცია. ზუგდიდის მერია აფინანსებს ჩვენს პროექტს, რომელიც უკვე შევიტანეთ. მათთან სიტყვიერი შეთანხმება უკვე მიღწეულია, ისინი მცირე სცენის მშენებლობას დააფინანსებენ, სადაც 120 კაცი განთავსდება, თეატრში ამის სივრცე არის. როგორც კი მცირე სცენაზე გადავალთ, პარალელურად დაიწყება სრული შენობის რეაბილიტაცია. ახლაც ველოდებით ექსპერტებს, რომლებიც კულტურის სამინისტროს დაფინანსებით დაიწყებენ ამ პროექტზე მუშაობას. იმედი გვაქვს, რომ ამ წლის ბოლომდე, როგორც კულტურის მინისტრისა და სამინისტროს მიერ არის გაცხადებული, ფიზიკური სამუშაოებიც მოესწრება…
– 150 წლის იუბილეს ახალი შენობით და განახლებული სცენით შეხვდებით…13233225_1301383206556951_1586046838_n
– იმედი მაქვს, თეატრი იუბილეს ახალი შენობით შეხვდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სცენა არ დაგვიხურავს. ახლაც ვამზადებთ სპექტაკლს კლდიაშვილის „მსხვერპლის“ მიხედვით. რომელსაც ფოთის თეტრში, რეგიონალური თეატრების საერთაშორისო ფეტივალზე გავიტანთ. ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ ფესტივალში. პარალელურად ორი პროქტი მზადდება. ერთია – ბატონი გიორგი ქათამაძის სადიპლომო სპექტაკლი და მეორე სპექტაკლი – გალაკტიონის შესახებ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და გაჩერებას არ ვაპირებთ. თეტრში გვაქვს სტუდია, გვყავს ახალგაზრდები, რომელთა საფუძველზეც შევალთ ინიციატივით და დიდი იმედი მაქვს, ქალაქის მერია და კულტურის სამინისტრო ისევ მხარს დაგვიჭერს. გვინდა, რომ შეიქმნას მიზნობრივი ჯგუფი. დაფინანსდნენ ეს ახალგაზრდები, რადგან თეატრს უკვე სჭირდება ახალი თაობა, ზუგდიდში კი ამ კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალია. გადავივლით ამ მძიმე პერიოდს, თეატრი ღირსეულად გამოვა ამ მდგომარეობიდან და გააგრძელებს მოღვაწეობას.

ნინო ჯაჯანიძე
13236270_1301383236556948_821105339_n
13219599_1301383229890282_752213273_n
13236002_1301383213223617_788995458_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები