“გამამტყუნებელი განაჩენისთვის მთავარი მტკიცებულებები მრავლად იყო” – პროკურორი “კაბელების” საქმეზე

 

პროკურორი ნინო აღლემაშვილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აცხადებდა, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნებოდა გამოტანილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს სასამართლოზე ზეწოლა? პროკურორი აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდა საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ და, შესაბამისად, მას, ბუნებრივია, ჰქონდა, რეალური მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მიიღებდა გამამტყუნებელ განაჩენს.
“ამ საკითხთან დაკავშირებით, ცალსახად მინდა განვმარტო, რომ საქართველოს პროკურატურის შესახებ კანონის შესაბამისად, მთავარი პროკურორი არის ის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს და ხელმძღვანელობს პროკურატურის საქმიანობას.
ბუნებრივია, ამ ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მთავარი პროკურორი სწორედაც რომ იყო ინფორმირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მას ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ და, შესაბამისად, მას, ბუნებრივია, ჰქონდა რეალური მოლოდინი იმისა, რომ მოსამართლე მიიღებდა გამამტყუნებელ განაჩენს.
ნებისმიერი იურისტისთვის, რომელიც შეისწავლის საქმის მასალებს, რომელიც მონაწილეობდა, დაესწრებოდა საქმის განხილვის პროცესს ამ პირისთვის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მერწმუნეთ, ნამდვილად საკმარისი იყო საიმისოდ, რომ დასკვნა გამოეტანა. ერთადერთი გამამტყუნებელი განაჩენი იყო საფუძველი“, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა „მაესტროს ფაქტორში“.
მისი თქმით, საქართველოს მთავარი პროკურორის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს სასამართლოზე ზეწოლის განხორციელებად.
„მოსამართლისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია არა პროკურორის განცხადება, არამედ მტკიცებულებები, რომელიც, მერწმუნეთ, მოასამართლეს ამ საქმეში მრავლად ჰქონდა. მტკიცებულებები ყველა იმ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რაც არის პროცესუალურად აუცილებელი. იყო უტყუარი, იყო სანდო, იყო ურთიერთშეთანხმებული და ამ ფონზე მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალება არ ჰქონდა. რაც შეეხება მთავარ პროკურორს, მთავარი პროკურორი არის იმ უწყების ხელმძღვანელი, რომელიც სახელმწიფო ბრალდებას ახორციელებდა საქმეში, აქედან გამომდინარე, მას ასეთი ტიპის ვალდებულება, რომელზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ბუნებრივია, არ აქვს“, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები