“ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებულია ასობით მტკიცებულება, რომლითაც დგინდება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ბრალეულობის საკითხი” – პროკურორი
“ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებულია ასობით მტკიცებულება, რომლითაც დგინდება ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის ბრალეულობის საკითხი”, – ამის შესახებ პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც.
“რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს, რასაკვირველია, არის მოწმეთა ჩვენებები, გარდა ამისა, საქმეს დაემატა დამატებითი მოწმეები, რომლებიც ერთობლიობაში ასაბუთებენ იმ გარემოებას, რომ ლევან ჯანგველაძე საფრთხეს გრძნობდა უშუალოდ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის და ძმებ მიქაძეების მხრიდან. მას ჰქონდა გარკვეული მოლოდინები, რადგან დაპირისპირებული იყო, უთანხმოება ჰქონდა ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით. გამოძიების პირობებში მოპოვებული მტკიცებულებები ასაბუთებს ყველა ბრალდებულის ბრალეულობას, მათ შორის ერთს უკვე მისჯილი აქვს”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.
“პირდაპირი მოწმის ჩვენება, რომელზეც ბრალდების მხარე ასე ხშირად აპელირებს, ფიზიკურად საქმეში არ არსებობს. პირდაპირი მოწმის ჩვენება, პირდაპირი მტკიცებულება, პირდაპირი ინფორმაცია, რომელიც ოთარის შემხებლობას თუ ბრალეულობს დაადასტურებს, არ არსებობს. მხოლოდ და მხოლოდ არსებობს ირიბი მტკიცებულება, რომელიც საკმარისი არ არის ბრალის წარსადგენადაც კი”, – განაცხადა ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა.
ცნობისთვის, სამართლომ ოთარ ფარცხალაძის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
პროკურატუეის ინფორმაციით, სწორედ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა ორგანიზებულ ჯგუფს, რომელმაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისის ცენტრში, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით მკვლელობა ჩაიდინა.