საქართველოს ავსტრიის დელეგაცია ეწვევა
საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ავსტრიის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრება, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საქართველოში ავსტრიის საგარეო ვაჭრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ანა ლატარიამ მიაწოდა. როგორც ანა ლატარია აცხადებს, 45- კაციანი დელეგაცია, რომელსაც ავსტრიის ეკონომიკის მინისტრი მიხაელ შტრუგლი უხელმძღვანელებს, საქართველოს 30 მარტს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, 31 მარტს, ავსტრიის დელეგაცია სათხილამურო კურორტ გუდაურს ესტუმრება, ინფრასტრუქტურას დაათვალიერებს და იქვე მდებარე წყალსაცავს მოინახულებს, რომლის მშენებლობაც ავსტრიულმა კომპანიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა. ამის შემდეგ, სტუმრები ავსტრიულ ლოჯისტიკის ფირმა ,,გებრიუდერ ვეისს‘‘ ეწვევიან, რომელიც თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ევროპის #4-ში მდებარეობს. დაგეგმილია სტუმრობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, სადაც ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართება. ასევე, ჩანიშნულია აუდიენცია ენერგეტიკის მინისტრის პირველ მოადგილესთან.
დღის ბოლოს, 19:30 – 20:00 სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში‘‘ ზემო ავსტრიისა და საქართველოს განათლების მინისტრები ხელს მოაწერენ მემორანდუმს, თბილისში ტექნიკური ინსტიტუტის დაარსებასთან დაკავშირებით. რის შემდეგაც ავსტრიელი სტუმრები ქართული მედიისთვის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავენ. გაიმართება წამახალისებელი ლატარია. გამარჯვებული კი თვითმფრინავის ბილეთით დასაჩუქრდება. დელეგაციის შემადგენლობაში ავსტრიის განათლების მინისტრი, პარლამენტის წევრები, მწვანეთა, სახალხო და თავისუფალი პარტიების თავმჯდომარეები, სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები, ავსტრიის უნივერსიტეტების რექტორები და მასმედიის წარმომადგენლები არიან.