სხვა სამყაროში გასვლის სურვილი – ლერი ალიმონაკის ტერენტი გრანელი

ცხოვრების წლები, რომელიც მწერალმა ლერი ალიმონაკმა გენია – ტერენტი გრანელს მიუძღვნა. როგორი იყო ქართველი პოეტი, რა სირთულეებს აწყდებოდა ლერი ალიმონაკი გრანელის ცხოვრების შესწავლისას და სად შეაგროვა ცნობები „MEMENTO MORI“-ს ავტორზე… 

„ისევ ლექსებთან ვრჩები
და ლექსი სულის ლანდია“.
ტერენტი გრანელი

– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ლიტერატურა, პოეზია, თეატრი… ქუთაისში ვსწავლობდი. ჩემი მეგობრები, ძირითადად, მხატვრები, მწერლები და ხელოვნებასთან დაკავშირებული ადამიანები იყვნენ. უახლოესი მეგობარი მყავდა გურამ გაგოშიძე, მასთან ხშირად ვიკრიბებოდით. გურამთან მოდიოდა მევიოლინე და გერმანისტი არჩილ ჟორჟოლიანი. ჩვენზე გაცილებით უფროსი იყო, ერთხელ გვკითხა, გალაკტიონის შემდეგ ვის დაასახელებთ დიდ პოეტადო… არცერთმა არ ვიცოდით ტერენტი გრანელი… ზოგმა ტიციანი, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი დავასახელეთ… ტერენტი ვერავინ ახსენა… მაშინ მისგან გავიგეთ გრანელის შესახებ და რამდენიმე ლექსი წარმოთქვა.
დავინტერესდი, თბილისში რომ ჩამოვედი, ელიზბარ უბილავას წიგნი ვნახე და აქედან გაღვივდა ჩემი ინტერესი ტერენტისადმი. უნდა აღვნიშნო, რომ 1961 წელს მწერალ ელიზბარ უბილავას მიერ გამოცემული გრანელის კრებული, მაშინ ნამდვილად დიდი საქმე იყო. ტერენტი გრანელი ოფიციალურად აკრძალული არ ყოფილა, მაგრამ ფაქტობრივად აკრძალულად ითვლებოდა. ვიფიქრე, პატარა ნარკვევს დავწერ, რაკი ასეთი უცნობია-მეთქი… შემდეგ, როდესაც მის სამყაროში შევედი და შევიჭერი სიღრმეებში, ამან უკვე სხვაინაირად წარმოაჩინა ჩემს წარმოდგენაში. სხვა ფენომენი გამოჩნდა. სწორედ ამიტომ მთელი 20 წელი მოვანდომე მისი შემოქმედების შესწავლას, გამომზეურებას და დაბეჭდვას. დავდიოდი ოჯახებში, არქივებში და ხელნაწერებს ვკრებდი. ახლა შეიძლება ადვილად გამოიყურება, მაგრამ ადვილი არ ყოფილა. მძიმე პერიოდიც იყო როგორც ცენზურის, ასევე სამუშაო თვალსაზრისითაც. იმიტომ რომ ფაქტობრივად საფუძველის ჩაყრა მიწევდა… 13162455_1296129610415644_261906176_n
– ერთადერთი ადამიანი ხართ, ვინც ამ ძიებას ცხოვრება მიუძღვნა…
– როგორ გითხრათ, არქეოლოგი რომ ეძებს, თითქოს ისეთი პროცესია. ერთ შრეში რომ შევა, მეორე ჩნდება და მიდის სიღრმეებში, მერე კი ერთიანად გიტაცებს ეს ყველაფერი. ამ ძიებაში გაოცებაც გიპყრობს, თანაც, იმის შეგრძნება, თუ ვისთან გაქვს საქმე. გინდა, ეს განცდა სხვასაც გაუზიარო…
გამოქვეყნება ძალიან რთული იყო, რადგან თბილისში არ მიბეჭდავდნენ. ამიტომ ხან სოხუმში, ხან ქუთაისში ვბეჭდავდი. თბილისში ცოტა მოგვიანებით დავძლიე ეს წინააღმდეგობა.  იმის გარდა, რომ ვბეჭდავდი, ჩემს ახლობლებს გადავცემდი. იმ წრეებს, ვისთანაც მე ვტრიალებდი – ბევრს გავაცანი, დავაახლოვე, შევაყვარე, წავაკითხე ტერენტი… ეს ხდებოდა სტიქიურად და არა საგანგებოდ. ამას მხოლოდ სიყვარული ედო საფუძვლად, მეტი არაფერი. ოჯახ-ოჯახ დავდიოდი, მის მეგობრებს ვხვდებოდი. ყველას თავისი ხელით მოგონებებს ვაწერინებდი, რომ ამას მერე დოკუმენტური ძალა ჰქონოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს შემხვდა და ახლა ამ მოსახვევშიც, ან ამ ქუჩაზეც შემხვდება. სადღაც აი, აქ, ჩემს არეალში ტრიალებდა და თითქოს ვხედავდი კიდეც…
– თქვენ როგორი ტერენტი გრანელი გაიცანით?
– ჩვენ როგორსაც წარმოვიდგენთ ნამდვილ ქრისტიან ადამიანს – სათნოებით, კეთილშობილებით, – აი, ასეთია ტერენტი გრანელი… რაც უნდა პარადოქსად მოგეჩვენოთ, ახლა რომ ვკითხულობ, კიდევ უფრო ბევრი რამ იხსნება და მარწმუნებს იმაში, რომ ტერენტი გრანელი ძალიან დიდი პოეტია…
– გრანელის გავლენა…13153346_1296129563748982_1113432532_n
– ბევრი რამ ჩემს ლიტერატურაში, ჩემს სულიერ ცხოვრებაში ტერენტი გრანელმა დაძრა. მაგალითად, ცოდნა რომელ მხარეს უნდა მიმემართა, რა უნდა შემესწავლა საიმისოდ, რომ შემდეგ ლიტერატურული ცხოვრება გამევრცო. ამას, ყველაფერს, ჩემში ტერენტი გრანელმა ჩაუყარა საფუძველი. მეც მან ჩამომაყალიბა, როგორც მწერალი, როგორც ადამიანი, საერთოდ, კაცი, მოქალაქე… ტერენტი გრანელის ცხოვრებამ, მისმა პოეზიამ, შემოქმედებამ, ვფიქრობ, სწორი გზით წამიყვანა და ყველანაირად მაქცია ნამდვილ ადამიანად. ასე რომ, დიდად მადლიერი ვარ მისი სულის და ახლაც ქედს ვიხრი მის წინაშე…
– ტერენტი გრანელის შემოქმედება, უპანიშადები, ლაო ძი… თქვენ გაინტერესებთ ფილოსოფიური სიღრმეები…
–  რაც ჩემში მისტიკური მომენტები იყო, ალბათ ტერენტიმ გახსნა. 1984 წელს გამოვიდა ჩემი „კვირის წირვები“. მასალები 14-15 წლის განმავლობაში შევკრიბე, მაგრამ ამ წიგნის დაწერას არ ვჩქარობდი, ველოდებოდი, სანამ ჩემში არ მომწიფდებოდა ცხოვრებისეული გამოცდილების მხარეები. სანამ ცოდნის მხრივ არ შევიგრძნობდი, რომ უკვე მზად ვიყავი…
მას შემდეგ 4-ჯერ გამოიცა. სხვათა შორის, „დაო დე ძინის“ თარგმნას ხელი რომ  მოვკიდე, 1975 წელი იყო. ასეთი ლიტერატურისკენ ისევ და ისევ ტერენტიმ მიბიძგა. თარგმანის პარალელურად ვწერდი „კვირის წირვებს“. რადგან „კვირის წირვები“ ძალიან მძიმე იყო, ლაო ძის თარგმნისას ვისვენებდი კიდეც… ერთიდან მეორეზე რომ არ გადავსულიყავი და არ შემესვენა, ძალიან გამიძნელდებოდა…
– რას გვასწავლის გრანელის შემოქმედება…13220082_1296129593748979_1583623275_n
– ძნელია ამის თქმა და ამის რეცეპტი. პირველ რიგში, ალბათ ადამიანურ მომენტებს – სათნოებას, ქრისტიანობას… არა დოგმატურ ქრისტიანობას, არამედ ნამდვილად ადამიანურ ქრისტიანობას უნერგავს მკითხველს. ასათუთებს მის გრძნობებს, ანიჭებს მიწიერი ცხოვრების დათრგუნვის და სხვა სამყაროში გასვლის სურვილებს. ეს ნამდვილად არის, მაგალითად, არისტოტელესეული ცნება კათარზისი-განწმენდა. ნამდვილად შეუძლია ტერენტი გრანელის პოეზიას, რომ ადამიანი განწმინდოს სულიერად, დროებით მაინც მიატოვებინოს ყოფითი ცხოვრება და სხვაგან გადაასახლოს, თუნდაც წამიერად გადაიყვანოს.  რასაკვირველია, რა თქმა უნდა, სულ არ გრძელდება, სულ და მუდმივად თვითონ ტერენტისთვის გრძელდებოდა. ის ცხოვრობდა მთლიანად ასე… ინსპირაციის, შთაგონების პროცესში ცხოვრობდა განუწყვეტლად. ეს, ცხადია, მისთვის ურთულესი ცხოვრება იყო  და დიდხანს ვერ გაძლებდა. როგორც ჩანს, სწორედ ამან მიიყვანა გარკვეულ მსხვრევამდე.  სულიერ მსხვრევას მე არ ვიტყოდი, ფსიქოლოგიურ მსხვრევას ვგულისხმობ…
როდესაც დაო დე ძინს ვთარგმნიდი, ერთი განზრახვა მქონდა და იმედი იმისა, რომ რასაც მე ვგრძნობდი, განვიცდიდი იმ მომენტში, ამას დაეწაფებოდა ახალგაზრდობა, და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მართლაც, დადგა ეს დრო. ეს წიგნიც 4 -ჯერ გამოიცა. ლაო ძის ეს თხზულება მსოფლიოში უნიკალურ ნაწარმოებად არის აღიარებული და, მართლაც, აღიარებულია დღეს სა13183256_1296129577082314_1847740345_nქართველოში…
– ოცნება, ან ფიქრი…
– 2007 წელს გამოვიდა ჩემი წიგნი – „ელიაზარის დაბრუნება“. ორი წლის წინ კი მეორედ გამოიცა. ახლა წიგნის ფეტივალზე გაიტანენ. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 11 წიგნი იქნება წარმოდგენილი, ალბათ ცოტა არ არის… ასევე იქნება ჩემი წერილები, 1965 წლიდან დღემდე რაც დამიწერია, ამ წიგნშია შესული, ესაა – „დრო და დრამები“. ძალიან დიდი წიგნია და სამ ნაწილად გაიყო. პირველი და მეორე წიგნები გამოვიდა, თუმცა მესამე წიგნის დაფინანსება, სამწუხაროდ, ვეღარ მოვიპოვე. ასე რომ, ვაკეთე, რაც შემეძლო…
– თქვენს პროფესიაზე რას გვეტყვით?
– პროფესიით ინჟინერ-ტექნოლოგი ვარ. ბავშვობიდან თეატრით ვიყავი ძალიან გატაცებული. 12-13 წლის ასაკში მეგობრები მშობლების გარეშე დავდიოდით რუსთაველის და მარჯანიშვილის თეატრებში. წიგნი არ ყოფილა ქართულ თეატრზე, რომ არ წამეკითხა. ვაპირებდი თეატრალურ უნივერსიტეტში, თეატრმცოდნეობაზე ჩაბარებას.
სკოლა 1958 წელს დავამთავრე,  რომელი ფაკულტეტიც მინდოდა, იმ წელს თეატრალურში მიღება არ ჰქონდათ. იმის გამო, რომ ჩემს მშობლებს სურდათ, პირველივე წელს უმაღლესში მესწავლა, აღმოვჩნდი ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომელიც მერე სოხუმში გადაიტანეს და იქ გავაგრძელე სწავლა.
ჩემს პროფესიას არასოდეს ვნანობ. პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ეს განათლება მივიღე, იმიტომ რომ იქ სხვა სამყარო იყო, სხვა ურთიერთობები. ტექნიკურმა განათლებამაც გარკვეული13181100_1296129580415647_1588840868_n ცოდნა მომცა. თავისებურად ავარჯიშა ინტელექტი. 1966 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და ჩემი პროფესიით სხვადასხვა ქარხანაში მუშად ვმუშაობდი. მოხდა ისე, რომ სულ ბოლო მომენტში, ავლაბარში საკონსერვო ქარხანას ჭაბუა ამირეჯიბმა მომაშორა. თავისთან სამსახურში წამიყვანა, ეს იყო კინოს სარეკლამო ბიურო, სადაც ჭაბუას დირექტორის თანამდებობა ეკავა. იქ ვმუშაობდი ერთი წლის განმავლობაში. სტატიებს ვწერდით კინოზე და ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რომ ჩემს სამყაროში ვტრიალებდი. 1973 წელს მთარგმნელობითი კოლეგია დაარსდა და 1974 წელს იქ გადავედი.
ვფიქრობ, ყველაფერს თავისი ჟამი აქვს, როგორც სახარებაშია. რაღაც ტალღისებურად მიდის ცხოვრება. ზოგჯერ მაღლა აიწევს, ზოგჯერ ქვევით ჩამოვა. მხოლოდ ერთ რაიმეს ვატყობ, რომ ახლა ცოტა ეადვილებათ და ჩქარა უნდათ ყველაფერი. თუ თავგანწირული არ ხარ, ლიტერატურაში, მწერლობაში ძნელად მიაღწევს კაცი რამეს. ჩემს „ელიაზარის დაბრუნებაში“ ელიაზარი ამბობს: „თუ ოფლი და სისხლი არ შეურიე ერთმანეთს, არ იჯაფე სისხლის და ოფლის დაღვრამდე, ისე არაფერი გამოვა… „ტანჯვის გზა, წამების გზა, შრომის გზა…“

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები