ობამა-პუტინის მორიგი სატელეფონო საუბარი
აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის მორიგი სატელეფონო საუბრი შედგა. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
“პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ობამას დაურეკა, რათა განეხილა ამერიკული მხარის წინადადება უკრაინაში შექმნილი კრიზისის დიპლომატიური გზით მოგვარების თაობაზე”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
ობამამ პუტინს მოუწოდა, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის საზღვრებიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება აგრძელებს კრიზისისადმი თავშეკავებულ და მის განსამუხტად მიმართულ მიდგომას. მისივე თქმით, უკრაინა წინ მიიწევს საკონსტიტუციო რეფორმებისა და დემოკრატიული არჩევნებისკენ.
“პრეზიდენტმა ობამამ რუსეთს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს ამ პროცესს და თავი აარიდოს მომავალ პროვოკაციებს, მათ შორის უკრაინის საზღვრებთან შეიარაღებული ძალების განთავსებას”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. აშშ აგრძელებს დიპლომატიური კურსის მხარდაჭერას უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კონსულტაციებით და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას კრიზისის დეესკალაციაში.
“ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინის საზღვრებიდან თავის ჯარებს გაიყვანს და არ გადადგამს რაიმე ნაბიჯებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მომავალი დარღვევისთვის”, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.