ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ქიმიური იარაღის ლაბორატორია აღმოაჩინეს
ერაყელმა სამხედროებმა ქიმიური იარაღის ლაბორატორია აღმოაჩინეს, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკუთვნის. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ლაბორატორია ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ ხიტთან მდებარეობდა. ერაყელმა სამხედროებმა ეს ქალაქი რამდენიმე დღის წინ აიღეს.
ერაყელი სამხედროების თქმით, ლაბორატორიაში ქლორისა და სხვა მომწამლავი ნივთიერებების დიდი მარაგი, ასევე ქიმიური იარაღის წარმოების დანადგარები იპოვეს. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ ქალაქ ტაზაზე შეტევისას მხუთავი გაზი გამოიყენეს. ქალაქის რამდენიმე მკვიდრი მოიწამლა. „ისლამურმა სახელმწიფომ“ ქიმიური იარაღი რამდენჯერმე სირიაშიც გამოიყენა.