რას გულისხმობს უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირება და მონიტორინგი – ავიაციის სააგენტოს პრეზენტაცია (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს საჰაერო სივრცეში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირებისა და მათი მონიტორინგის საკითხებთან დაკავშირებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინიციატივით, მიმდინარე წლის 6 მაისს კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების მიზანს, უპილოტო საჰაერო ხომალდების რეგულირების და მონიტორინგის აუცილებლობის, ასევე მათი პოტენციალის გამოყენების თაობაზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსა და ბურნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ასევე მათ სისტემაში შემავალი იმ უწყებების წარმომადგენლები რომლებიც თავიანთ საქმიანობაში სარგებლობენ აღნიშნული სისტემებით ან კომპეტენციის ფარგლებში მომავალში ჩართულნი იქნებიან უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგების საკითხებში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწვევით, კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ აგრეთვე უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერატორი კომპანიები, კერძო სადაზღვევო ჯგუფები და დრონების მონიტორინგის სისტემის მწარმოებელი წამყვანი პოლონური კომპანია „Drone House Group”.
შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების მოწესრიგებასთან დაკავშირებით მის მიერ განხორციელებული და მომავალში დაგეგმილი საქმიანობის ირგვლივ პრეზენტაცია წარადგინა.
სააგენტოს ინფორმაციით, უწყებამ უპილოტო საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წესების მიღება 2016 წლის 1 სექტემბრიდან უნდა უზრუნველყოს.
ნორმატიული აქტით განისაზღვრება ის აუცილებელი უსაფრთხოების ნორმები, რომელთა დაცვაც უნდა უზრუნველყოს უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელებმა/ოპერატორებმა, იმისათვის, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში მათმა ოპერირებამ არ შეუქმნას საფრთხე სამოქალაქო თუ სხვა დანიშნულების საჰაერო ხომალდებს, ადამიანთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. წესი ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს კონცეფციას („EASA Regulatory Framework for the Operation of Drones“) დაეყრდნობა, რომელიც უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების საფეხურეობრივ რეგულირებას გულისხმობს.
აღნიშნული მოდელი დრონების ღია, სპეციფიკურ და სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ კატეგორიებად კლასიფიცირებას ითვალისწინებს, რაც ვალდებულებების პროპორციულად გავრცელების წინაპირობას ქმნის. კონფერენციის ფარგლებში პოლონურმა კომპანია „Drone House Group”-მა მონაწილეებს გააცნო საკუთარ მიღწევები და გაუზიარა მათ ამ მიმართულებით არსებული ევროპულ გამოცდილება.
პრეზენტაციებით წარდგნენ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, კომპანია „Sky Tech“ და კომპანია „Rukamapping”. შეხვედრაზე გამართული ინტერექტიული დისკუსიების ფარგლებში მხარეებმა აღინიშნეს, რომ უპოლოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების სამართლებრივი რეგულირება ხელს შეუწყობს მათი პოტენციალის უფრო ფართო სპექტრით გამოყენებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, სამართალდამცავი ორგანოების მხარდაჭერა, ელექტრო / ნავთობ და ბუნებრივი აირის მილსადენების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის შემოწმება, კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის მომსახურება, სარელეო უკაბელო კავშირის და სატელიტური სისტემების მხარდაჭერა, ბუნებრივი რესურსების მონიტორინგი, მედია / გართობა და ა.შ. ორდღიან ღონისძიებას დაასრულებს, 7 მაისს, აეროდრომ „ნატახტარზე“ (13:00 საათიდან, დასწრება თავისუფალია) დაგეგმილი ღია საჩვენებელი ფრენები, რომლის ფარგლებშიც, კომპანია „Drone House Group” ადგილზე მოაწყობს უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას. სადემონსტრაციო ფრენებში შემდეგი მოდელის დრონები იქნებიან ჩართულნი: DJI INSPIRE I; DJI Phantom III; Trimble UX 5; Bielik.
სააგენტოში განმარტავენ, თუ რას გულისხმობს საჰაერო ხომალდების ოპერირების საფეხურეობრივი რეგულირება.
მათი ცნობით, უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირების საფეხურეობრივი რეგულირების კონცეფციის თანახმად, ღია კატეგორიაში მოიაზრება დრონები, რომელთა ექსპლუატაცია უნდა მოხდეს წესით დადგენილი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფარგლებში. აღნიშნული კატეგორიის უპილოტო საჰაერო ხომალდებს სააგენტოს ავტორიზაცია არ ესაჭიროებათ. იმ შემთხვევაში თუ დრონების ოპერატორებს საქმიანობის ხასიათიდან გამომდინარე ექნებათ დადგენილი ლიმიტების მიღმა ოპერირების სურვილი, ისინი მოხვდებიან სფეციფიკურ კატეგორიაში, რაც გულისხმობს უსაფრთხოების დონის შეფასებასთან დაკავშირებულ დამატებით მოთხოვნებს, ცოდნასა და სააგენტოს მიერ ავტორიზაციის მინიჭების პროცესს.
რაც შეეხება სერტიფიცირებული კატეგორიის დრონებს, ისინი წარმოადგენენ როგორ წონით ისე ოპერაციების ხასიათით მაღალი რისკის კატეგორიას და საჭიროებენ ყველა იმ პროცედურების დაცვას, რაც ვრცელდება პილოტირებად საჰაერო ხომალდებზე.
“რამ განაპირობა დრონების ოპერირების რეგულირების აუცილებლობა? სამოქალაქო ავიაციის საერთაშორიო ორგანიზაციებისა და ხელისუფლებების მიერ აღნიშნული სფეროს რეგულირება შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა: ადვილი ხელმისაწვდომობის გამო, დღითიდღე იზრდება უპილოტო საჰაერო ხომალდების მფლობელთა რიცხვი, რომლებიც არ არიან ინფორმირებული იმ შესაძლო რისკების შესახებ, რაც თან ახლავს აპარატების ოპერირებას, ასევე ბოლო წლებში შემაშფოთებლად გაიზარდა თვითმფრინავების პილოტების მხრიდან, დრონების სახიფათო მიახლოვებასთან დაკავშირებით შემოსული შეტყობინებების რიცხვი“, -აცხადებენ სააგენტოში.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო განმარტავს, თუ რა რეკომენდაციები მოქმედებს წესის ამოქმედებამდე.
მათი ცნობით, საქართველოში უპილოტო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო ოპერირების მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეკომენდაციები 2015 წლის სექტემბერს გამოსცა. ძირითადი რეკომენდაციები:
“ მოერიდეთ უპილოტო საჰაერო ხომალდების ოპერირებას საჰაერო ხომალდების, აეროპორტებისა და აეროდრომების სიახლოვეს. ჰორიზონტალური დისტანცია აეროდრომებთან უნდა შეადგენდეს არანაკლებ 5500 მეტრს;
მუდმივად შეინარჩუნეთ ვიზუალური კონტაქტი უპილოტო საჰაერო ხომალდთან, ყოველგვარი დამატებითი დამხმარე საშუალებების გარეშე (ტელესკოპი, ბინოკლი, ხედვის გამაძიერებელი ელექტრო-ოპტიკური საშუალებები), მოერიდეთ დრონებით ოპერირებას 150 მეტრ სიმაღლეზე ზემოთ ხმელეთის და წყლის ზედაპირიდან“,-აცხდებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
IMG_2806 IMG_2809 IMG_2810 IMG_2811 IMG_2812 IMG_2820 IMG_2822 IMG_2830 IMG_2833 IMG_2839 IMG_2840 IMG_2846 IMG_2853 IMG_2854 IMG_2864IMG_2878

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები