დავით უსუფაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით ისარგებლოს
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების – ბორის სილევიჩის და კერსტინ ლუნდგრენის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის დასასრულს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა სტუმრებს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა, სადაც მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უახლოეს მომავალში ისარგებლოს. სამუშაო ვახშამზე საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე, მის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში არსებული მედიაგარემოც მიმოიხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.