ანა დოლიძე: პარლამენტის წევრების განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი ანა დოლიძე დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტის წევრების განცხადებებმა მოსამართლეთა გამწესების პროცესი არასწორი მიმართულებით წაიყვანა, რაც, მისივე შეფასებით, არასწორია.
მისივე თქმით, საზოგადოება სამართლიანი მართლმსაჯულების მოლოდინშია. დღევანდელ ბრფინგზე განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის დანარჩენმა კანდიდატებმა – თამარ ლალიაშვილმა და ნონა თოდუამაც გააკეთეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი გადაწყვეტილებას მხოლოდ კანდიდატების ცოდნის, განათლებისა და კვალიფიკაციის მიხედვით მიიღებს.
„ჩვენ ვფიქრობთ, არასწორია, როცა მოსამართლეთა გამწესებაზე მსჯელობა მიმდინარეობს არა კანდიდატურების კვალიფიკაციის, თუ სხვა საყოველთაოდ აღიარებული კრიტერიუმების მიხედვით, არამედ კულუარული გარიგებების მოთხოვნით. საკითხის ამგვარად დაყენება შეურაცხყოფას აყენებს მოსამართლის სტატუსს და სამართლანი სასამართლოს იდეას. კულუარული გარიგებები ვერ უპასუხებს სასამართლოს წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
კითხვაზე, თუ რას გეგმავენ მოსამართლეობის კანდიდატები იმ შემთხვევაში, თუკი პარლამენტი მათ კანდიდატურებს ჩააგდებს, ანა დოლიძემ აღნიშნა, რომ მათ გაიარეს ყველა დადგენილი პროცედურა და მზად არიან, საგნობრივი და შინაარსობრივი სახის დისკუსიაში კიდევ ერთხელ ჩაერთონ და ყველა კითხვას ამ თემის ირგვლივ პასუხი გასცენ.
ცნობისთვის: საპარლამენტო უმრავლესობა თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებია საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები