ზურაბ ტყემალაძე გიორგი ვაშაძეს – გემი რომ იძირება, ვიღაცები მიდიან
პარლამენტის წევრი ზურაბ ტყემალაძე გიორგი ვაშაძის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძემ თავისუფალი აზრი გამოხატა და პარტია დატოვა. ზურაბ ტყემალაძემ კოლეგას უმცირესობიდან მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დატოვოს პარტია. ხანდახან ხდება ხოლმე, გემი რომ იძირება, ვიღაცები მიდიან. ახლა იმედი აქვს, რომ დამოუკიდებლად შექმნის პოლიტიკურ პარტიას. მე შემიძლია წარმატება ვუსურვო”, – აღნიშნა ტყემალაძემ.
რაც შეეხება გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ ’’ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის ”მავნებლური მმართველობის მოკავშირეა”, ტყემალაძემ აღნიშნა, რომ „მეტი არაფერი აღარ დარჩათ უმცირესობის წარმომადგენლებს, გარდა იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილზე რამე ცუდი, არასწორი ილაპარაკონ“.
”ხალხი არის ძალიან ბრძენი, ხალხს ვერავინ ვერაფერში შეაცდენს“, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. აღნიშნული განცხადება ვაშაძემ დღეს, პარლამენტში გააკეთა. მისი განმარტებით,”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.