გოგა ხაჩიძე: მინდა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ბოლოში to be continued მიეწეროს, მაგრამ არ აწერენ

„გირჩის“ წევრებისა და გიორგი ვაშაძის მიერ პარტიის ერთი და იგივე მიზეზებით დატოვება ნიშნავს, რომ პარტიაში მთავარი პრობლემა განახლებაა – ასე ეხმაურება პოლიტიკური ცენტრი ”გირჩის” წევრი გოგა ხაჩიძე გიორგი ვაშაძის ”ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლას.
”ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გიორგი ვაშაძემ გაიმეორა ის, რა განცხადებაც ერთი წლის წინ „გირჩმა” გააკეთა. განახლება, ახალი ადამიანები პრობლემაა, ეს იწვევს თავის შედეგებს და ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ვაშაძემ დატოვა პარტია”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
მისივე თქმით, არ შეუძლია თქმა ”ნაციონალური მოძრაობა” დაიშლება თუ არა, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პარტია საკმაოდ გამოცდილია და ამ ყველაფერს სავარაუდოდ, თავს გაართმევს.
„მიმაჩნია, რომ ქვეყნის პოლიტიკური კულტურისთვის არ იქნება კარგი ამბავი, თუ ”ნაციონალური მოძრაობა” გაქრება, ზოგადად, პოლიტიკიდან, თუმცა ის პრობლემა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობდით, როცა ჩვენ წამოვედით, რომ არ ხდება პარტიის განახლება, ეს პრობლემა რჩება და თავის შედეგებს კიდევ მოიტანს”, – აღნიშნა ხაჩიძემ.
ხაჩიძე აფასებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებებს, რომ ვაშაძის აღნიშნული ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.
გოგა ხაჩიძე “ნაციონალურ მოძრაობას“ მესიჯ- ბოქსის შეცვლას ურჩევს.
”ჯობია, ”ნაციონალურმა მოძრაობამ” მესიჯ-ბოქსი შეცვალოს. ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება და ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ რაღაცას ემსახურება – ეს მესიჯი შესაცვლელია, ცოტა უფრო ლოგიკური განცხადებები უნდა გააკეთონ. თუ არ უნდათ, რომ ივანიშვილის ინტერესებს ემსახურონ, ნება იბოძონ, გახსნან პარტიის კარები და განაახლონ პარტია. თუ არადა, ისხდნენ მაშინ და იყვნენ, გაგრძელება არ უნდათ? მე მინდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის” ბოლოში to be continued მიეწეროს, მაგრამ არ აწერენ და… ჩვენ ამას ვითხოვდით მაშინ, როცა პარტიაში ვიყავით. პრაიმერიზის დროს მთელი წელი ვითხოვდით, რომ პარტია უნდა განახლებულიყო. ვანო მერაბიშვილის გამოსვლის მთავარი მესიჯი 19 აპრილს ის იყო, რომ პარტია განახლდება, მაგრამ არ ანახლებენ”, – აღნიშნა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. საგანგებო განცხადება მან ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.
მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ახალ ინიციატივებს ელოდა, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები