არჩილ გამზარდია: ვაშაძე ცდილობდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში” ლიდერად ქცეულიყო, მაგრამ ვერ შედგა
“ნაციონალური მოძრაობიდან” გიორგი ვაშაძის წასვლა შიდა უთანხმოებას და სხვა ლიდერებთან მიზნების შეუთავსებლობას უკავშირდება – ასე აფასებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ვაშაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების ფაქტს.
გამზარდია ფიქრობს, რომ ვაშაძე ცდილობდა, “ნაციონალურ მოძრაობაში” ლიდერად ქცეულიყო, მაგრამ ვერ შედგა.
“ზოგადად, “ნაცმოძრაობას” ადამიანების მოდიფიცირება ისეთი სახით ახასიათებს, რაც მათთვის წამგებიანია. ამიტომ ვაშაძე, შემდგომ, იქცა პარტიის დემაგოგ სუბიექტად და მისი ფუნქცია “ყეფის” ფუნქცია იყო”,- განაცხადა გამზარდიამ “პირველ პრესკლუბში”.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, გიორგი ვაშაძეს, როგორც პოლიტიკოსს და წინამძღოლს, პერსპექტივები არ გააჩნია.
“ამ წუთისთვის ვაშაძის, როგორც პოლიტიკოსის და წინამძღოლის, პერსპექტივებს ვერ ვხედავ, შესაძლოა, ეს ხვალ გაჩნდეს, თუ ის საკუთარი თავის მოდიფიცირებას შეძლებს”,- აღნიშნა არჩილ გამზარდიამ.
შეგახსენებთ,რომ გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. საგანგებო განცხადება მან ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის.
მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ახალ ინიციატივებს ელოდა, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.