ნუკრი ქანთარია: „ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა მიმდინარეობს და ეს ვაშაძის გადაწყვეტილებითაც დადასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნუკრი ქანთარიასთვის გიორგი ვაშაძის მიერ “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ქანთარიამ “კვირასთან “ საუბრისას განაცხადა, ვაშაძეს თანაპარტიელებთან კონფლიქტი ადრეც ჰქონდა.
დეპუტატი ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ რღვევა მიმდინარეობს და ეს დღევანდელი გადაწყვეტილებითაც დადასტურდა.
„ვაშაძესა და მის უკვე ყოფილ თანაპარტიელებს შორის ადრეც იყო გარკვეული უთანხმოება და კონფლიქტური სიტუაცია, როგორც ჩანს, ეს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა და ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ზოგადად, “ნაციონალური მოძრაობა“ რღვევაში რომ მიდის, ეს ცხადია, ამისი დასტურია ვაშაძის გადაწყვეტილებაც“, – განუცხადა “კვირას“ ქანთარიამ.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს,რომ ვაშაძის ნაბიჯი პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, ქანთარია აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, გუნდის რღვევის პროცესი სხვას დააბრალოს.
“იცინი ცდილობენ, ყველა თემა ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირონ და მისი პიროვნება უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, ეს უკვე პათოლოგიად ექცათ, მათი ეს აკვიატება სამედიცინო ჩარევასაც საჭიროებს,“ – აღნიშნა ქანთარიამ.
გიორგი ვაშაძემ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დატოვა. საგანგებო განცხადება მან ცოტა ხნის წინ, პარლამენტში გააკეთა. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ის ახალ პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის. მისი თქმით, ”ნაციონალური მოძრაობისგან” ამომრჩეველი ახალ ინიციატივებს ელოდა, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები