ქართულ-ამერიკული სწავლებისთვის საჭირო ტექნიკა საქართველოშია – ფოტოკოლაჟი
ქართულ-ამერიკულ სწავლება „Noble Partner 2016-ში“ მონაწილეობის მისაღებად გამოგზავნილი ამერიკული მძიმე ტექნიკა საქართველოშია. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, M1A2 ტიპის ტანკები „აბრამსები“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლები” ფოთის პორტში უკვე ჩამოიტვირთა და ეშელონებით ვაზიანის მიმართულებით დაიძრა.
აშშ-ის არმიის ეროვნული გვარდიის ტანკები და ქვეითი საბრძოლო მანქანები ბულგარეთში, ვარნის პორტში ბორანზე დაიტვირთა და შავი ზღვით საქართველოსკენ 2 მაისს წამოვიდა. ქართულ-ამერიკული სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეორედ ტარდება და ქართული ასეულის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) მონაწილეობისთვის მზადყოფნის ამაღლებას ისახავს მიზნად. სწავლების სცენარი კი სტაბილურობის, შეტევა/თავდაცვის ოპერაციებს ემყარება.
წელს „ღირსეული პარტნიორი“ ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მეორედ გაიმართება და მასში 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.
პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში სწავლებაში M1A2 ტიპის ამერიკულ ტანკებს „აბრამსებს“ გამოიყენებენ. წვრთნაში ასევე ჩართული იქნება C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი და სხვა აღჭურვილობა. ქართულ-ამერიკული სწავლება ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება და 26 მაისამდე გაგრძელდება.