გიორგი ხეჩინაშვილი – ბევრი რამ, რაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იყო და რომელშიც „ეროვნული ფორუმიც“ მონაწილეობდა, არ შესრულდა

სოციალურად დაუცველი ადამიანების ბაზებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ჯანდაცვის კომისიის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი, ისევე როგორც საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხი, საკმაოდ პრობლემურია და გადაჭრას საჭიროებს. ხეჩინაშვილის განმარტებით, აღნიშნული პრობლემა სისტემურია და მისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მენეჯმენტია. პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ხეჩინაშვილმა ისიც განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ დაპირებებიდან, ბევრი რამ ვერ ან არ შესრულდა.
„ეს ის სისუსტეა, რომელიც ვერ დალაგდა, ადრესატები ისევ ჯანდაცვის სამინისტრო და მისი სტრუქტურები თუ სააგენტოები არიან. მეთოდოლოგიური ნაწილი, როგორც ჩვენ კომიტეტში მოვისმინეთ, მოგვარებულია, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ის არ არის ისე მოგვარებული, როგორც საჭიროა, ვგულისხმობ შესრულების ხარისხს. ამას წინათ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა – მე და მინისტრი ამ საკითხზე ვმუშაობთო. ეს ძალიან კარგია, მე არ მაქვს საფუძველი, არ დავიჯერო, რომ არ მუშაობენ, მაგრამ პრობლემა ისევ და ისევ არის. თუმცა კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და პროგრამის შეფასების ნაწილში, თვითონ პრობლემაა ის, რომ მენეჯმენტი საკმარისი არ არის. რეცეპტების დრო არ მქვს, მით უმეტეს, რომ ამის განხილვა ასეთ ფორმატში არ იქნება პროფესიონალური მიდგომა, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ პრობლემების დიაგნოსტიკა უფრო ღრმად არის ჩასატარებელი. ბევრი რამ, რაც „ქართულ ოცნების“ საარჩევნო პროგრამაში იყო და რომელშიც „ეროვნული ფორმუმიც“ მონაწილეობდა, არ შესრულდა“,- განაცხადა ხეჩინაშვილმა.
დღეს პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, ხეჩინაშვილმა საარსებო მინიმუმის გაზრდასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, მისი განმარტებით, პრობლემები აქაც არის, და ამ პრობლემების არ დანახვა არ შეიძლება. მისივე განმარტებით, „ეროვნული ფორუმი“ ოპონირების რეჟიმში აუცილებლად განიხილავს ამ სოციალურ თემატიკას, თუმცა არა მხოლოდ ოპონირებისთვის, არამედ რეალური გამოსავლის საპოვნელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები