მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩხუბი მოხდა

“საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების კანონპროექტის თემაზე მწვავე კამათი გაიმართა აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძესა და განათლების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძეს შორის, რომელმაც აღნიშნული კანონპროქეტი მოამზადა.
ელიზბარ ჯაველიძის განცხადებით, კანონპროექტი პარლამენტში იმიტომ გააქვთ, რომ გიორგი კვესიტაძე და როინ მეტრეველი თანამდებობიდან გადადგნენ.
მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე ელიზბარ ჯაველიძემ კანონროექტით გათვალისწინებული სტიპენდიის ინსტიტუტის შესაძლო დაწესება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამით წევრ-კორესპონდენტის სტატუსით გარდაცვლილი ქართველი მეცნიერების უგულებელყოფა მოხდება.
მანვე დარბაზში მყოფი ივანე კიღურაძე ეროვნული აკადემიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.
„აქ არის შეთქმულება, ოთხი წელია ივანე კიღურაძე ებრძვის ეროვნულ აკადემიას. მას აქვს ნათქვამი, რომ სანამ კომიტეტის თავმჯდომარეა, აკადემიიდან არცერთი წინადადება პარლამენტში არ გავა“, – განაცხადა ელიზბარ ჯაველიძემ.
აღნიშნული ბრალდების საპასუხოდ ივანე კიღურაძემ ელიზბარ ჯაველიძეს „მოსყიდული“ უწოდა.
აკადემიკოსის ბრალდებებმა ასევე გააღიზიანა გოგი ჩაგელიშვილი და ელიზბარ ჯაველიძე დემაგოგიაში დაადანაშაულა, რასაც მისი მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა.
ჩაგელიშვილ-ჯაველიძის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა და ადგილი ჰქონდა ფიზიკური შეხლა-შემოხლის მცდელობასაც.
პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის მხრიდან გახდა ცნობილი, რომ ეროვნული აკადემია პარლამენტისგან „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერების მიზნით, მას ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ, ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა და მდივან- აკადემიკოსმა ირაკლი ჟორდანიამ მიმართეს.
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, ივანე კიღურაძის ინიციატივით მომზადებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტზე ასაკობრივი შეზღუდვა უნდა დაწესდეს, რაც გულისხმობს, რომ ამ ორ თანამდებობაზე არ შეიძლება აირჩეს პირი 70 წლის ასაკიდან. ამავე ცვლილებებით, მეცნიერებათა აკადემიაში წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტს, სტიპენდიანტთა ინსტიტუტი ჩაანაცვლებს – აკადემიას სტიპენდიანტების არჩევისა და მათთვის 1000-ლარიანი ყოველთვიური ანაზღაურების დანიშვნის უფლებამოსილება მიეცემა.

ვანო კიღურაძის ინფორმაციით, პროექტი გაგზავნილია აკადემიის ყველა სამეცნიერო განყოფილებაში და იგი ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მზად არის.

„პირადად ჩემთვის და კომიტეტისთვის საინტერესოა, რაც მეტი დაინტერესებული პირი მიიღებს განხილვაში მონაწილეობას. ცვლილებები, რაც იქ არის და მასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მთელი აკადემიისთვის არის ცნობილი და საჯაროდ არაერთხელ გამომითქვამს“, -განაცხადა ივანე კიღურაძემ.

ცნობილია, რომ “საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის საკომიტეტო განხილვა უახლოეს ხანშია დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები