ქეთევან ციხელაშვილი ევროსაბჭოს გადაწყვეტილებაზე: ეს არის ნამდვილად ქართული სახელმწიფოს წარმატება

ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერა საქართველოს დეოკუპაციისთვის მნიშვნელოვანია. ციხელაშვილის შეფასებით, ეს არის ნამდვილად ქართული დიპლომატიის, ქართული სახელმწიფოს წარმატება.

„ეს არის ნამდვილად ქართული დიპლომატიის, ქართული სახელმწიფოს წარმატება და ჩვენი მეგობრების, ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების ურყევი მხარდაჭერის გამოხატულება. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამგვარი ზეწოლის გაგრძელება კიდევ უფრო ინტენსიური ხდება და უფრო გამოკვეთილი ხდება ეს ხმა საერთაშორისო ასპარეზზე“,-განაცხადა ციხელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს საკითხზე გადაწყვეტილება მიიღეს. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთის ქმედებებზე. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა: უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები