დავით ჩხატარაშვილი: წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ

„გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება იმ დროისთვის არ არსებობდა“, – ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჩხატარაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
როგორც დავით ჩხატარაშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ზურაბ ადეიშვილთან შედგა, ის და დავით ჭაკუა იმყოფებოდნენ.
„შეხვედრა გვქონდა ზურაბ ადეიშვილთან, რომელსაც ვესწრებოდით მე და დავით ჭაკუა. ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო სტრუქტურას ჰქონდა ციხეში წამების კადრები, აქამდე, როდესაც გვქონდა თათბირები, მუდმივად იყო საუბარი, რომ არსებობდა ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების წამებასთან დაკავშირებით და მუდმივად იყო მოწოდება სასჯელაღსრულების წარმომადგენლების მიმართ, რომ აღნიშნულ ინფორმაციებზე შესაბამისი რეაგირება მომხდარიყო. ამიტომაც ზურაბ ადეიშვილი იყო გაბრაზებული, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებობდა წამების კადრები და მე და დავით ჭაკუას წამების კადრების გამოსავლენად შესაბამისი ზომების გატარება დაგვევალა“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.
მისივე თქმით, შესაბამისი ზომების გატარების შემდეგ მოპოვებული იქნა ინფორმაცია, რომ წამების კადრების გადაღება ხდებოდა ვლადიმერ ბედუკაძის მიერ, რომელმაც გაიტანა ქვეყნიდან აღნიშნული კადრები. ასევე ჩხატარაშვილმა დაასახელა ”ბასტი და ბუბუ” და აღნიშნა, რომ მათი სახელები არ იცოდა.
„ასევე მოვიპოვეთ ინფორმაცია კადრების შინაარსის შესახებ და ჭაკუამ ასევე მომაწოდა ინფორმაცია, რომ ლადო ბედუკაძეს ჰქონდა ურთიერთობა იმ დროისთვის დაკავებულ თამაზ თამაზაშვილთან. ასევე სხვა პატიმართან ჰქონდა ნალაპარაკევი, რომ წამების კადრების გამოქვეყნებას წინასაარჩევნოდ გეგმავდა. ყველა ეს ინფორმაცია მივაწოდეთ მომდევნო თათბირზე იუსტიციის მინისტრს და დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიება. კერძოდ, უნდა მისცემოდათ დავალება სასჯელაღსრულების კონკრეტული დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომელიმე პატიმრის ცემა და ამის გადაღება უნდა მომხდარიყო, რათა გამოძიებას ჰქონოდა კონკრეტული მტკიცებულებები პატიმრების წამებასთან დაკავშირებით. აღნიშნული განკარგულების შესრულება დაევალა დავით ჭაკუას და მან მეორე დღეს დამირეკა და მომახსენა, რომ დავალება შესრულებული იყო. ამის შემდეგ პროკურატურამ დააკავა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაახლოებით ათამდე თანამშრომელი, მათ შორის, მაღალჩინოსნები“, – განაცხადა დავით ჩხატარაშვილმა.
პროკურორების კითხვაზე, თუ რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული კადრების გადაღების ორგანიზება და ინსცენირება და ჰქონდა თუ არა მას პოლიტიკური დატვირთვა, მთავარი პროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მსგავსი რამ თათბირზე არ იყო ნათქვამი.
ჩხატარაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას ჰქონდა ვერსია, რომ წამების კადრების გადაღება ორგანიზებული იყო იმჟამინდელი ოპოზიციის მიერ, თუმცა ამის მტკიცებულება გამოძიების იმ ეტაპზე არ არსებობდა.
შეგახსენებთ, რომ წამების, არაადამიანური მოპყრობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულები იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით ჭაკუა არიან. დღევანდელ პროცესზე მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები