გურამ ადამაშვილი: საპარლამენტო არჩევნები განსაკუთრებულად საინტერესო იქნება, რადგანაც კოალიცია გარკვეულწილად დაიშალა

„2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, კოალიცია დაიშალა, შესაბამისად, მეტი არჩევანი აქვს საზოგადოებას და მეტი პასუხისმგებლობა აქვთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას“, – აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გურამ ადამაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „დილა პირველზე“ გააკეთა.
გურამ ადამაშვილის თქმით, „პოზიცია“ მზად არის, მონიტორინგი გაუწიოს არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებს და ამ კუთხით მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად გარკვეული ღონისძიებებიც დაგეგმოს.
„არჩევნების პროცესი საქართველოში არის ძალიან მნიშვნელოვანი, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების როლი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ პოლიტიკური მოღვაწისათვის, რომელიც მონაწილეობს უშუალოდ არჩევნებში. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად საზოგადოება უკვე გაიზარდა, გამოცდილება მიიღო.
თუმცა, არჩევნების როლი დღეს განსაკუთრებულად რთულია და განსაკუთრებულად საინტერესოა იქიდან გამომდინარე, რომ კოალიცია დაიშალა გარკვეულწილად, შესაბამისად, უფრო მეტი არჩევანის საშუალება აქვს საზოგადოებას. ვფიქრობ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს დემოკრატიული პრინციპით. შევქმენით არასამთავრობოთა კოალიცია, გვინდა და გვაქვს სურვილი, რომ გავუწიოთ მონიტორინგი მიმდინარე პროცესებს, რაც ზოგადად მნიშვნელოვანი იქნება ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არის მზაობა, რომ დაიწყოს სერიოზული კამპანია.
გვსურს გადავამზადოთ უფრო მეტი მოხალისე, უფრო მეტი ადამიანი, იმისათვის რომ შემდგომ უკვე საარჩევნო პროცესებში ჩაერთნენ. გეტყვით იმასაც, რომ აქცენტი გაკეთდება სტუდენტებზე, მათთვის ეს იქნება ერთგვარი პრაქტიკა, საკუთარ ქვეყანაში ამ მნიშვნელოვან მოვლენაში ჩართულობა ერთგვარ გამოცდილებას მისცემს მათაც. წელს ჩვენ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს, წლევანდელი არჩევნები საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, მივიდეს არჩევნებზე, აირჩიოს სასურველი პარტია“, – აღნიშნა ადამაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი, რითაც ამა თუ იმ პოლიტიკურმა ძალამ უნდა იხელმძღვანელოს წინასაარჩევნოდ, საზოგადოების პრობლემები და სურვილებია.
„მე პარტიებს ვურჩევ, რომ უფრო მეტად მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველს. ჩვენდა სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს უამრავი სოციალურად დაუცველი ადამიანი, არის უამრავი პრობლემა, თუმცა, ყველა პრობლემის საბოლოო ჯამში ერთად მოგვარება ცოტა რთულია, მაგრამ მიმაჩნია, თუ საიდანღაც არ დაიწყე, რაღაც საძირკველი არ ჩაყარე, ბოლომდე ვერ მიხვალ. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი პარტიებს, რომ მაქსიმალურად მოუსმინონ საკუთარ ამომრჩეველს. საზოგადოებას – რა სურს ან რა პრობლემები აწუხებს საზოგადოებას. როდესაც ვსაუბრობთ გაყალბებასა და არარეალურ ხმებზე, ყოველთვის იმკის პარტია ამას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამკვიდრდეს საქართველოში ის მიმართულება, რომ საზოგადოებას არჩევნებზე მისვლის და საკუთარი პოზიციის დაფიქსირების სურვილი გაუჩნდეს“ – განაცხადა ადამაშვილმა.
კითხვაზე, რას უნდა მიაქციოს ამომრჩეველმა ყურადღება პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებით, ადამაშვილმა უპასუხა, რომ, პირველ რიგში, გასათვალისწინებელია, რამდენად სუფთა პოლიტიკური წარსული აქვს ამა თუ იმ პარტიას.
„ჩვენ გვახსოვს პოლიტიკოსები, რომლებიც სხვადასხვა პოზიციაზე ინაცვლებდნენ იმისდა მიხედვით, თუ სად იყო უკეთესი პირობები. ამიტომ მნიშვნელოვანია, გასათვალისწინებელია, თუ რამდენად გულწრფელია პარტია ამომრჩევლის წინაშე, რამდენად სწორი წარსული აქვს, რამდენად მზრუნველია საზოგადოებაზე. საზოგადოებას მართებს გარკვეული დაფიქრება, რადგან წელს ჩვვენ სხვა მოცემულობა გვაქვს, განსხვავებული 2012 წლისგან“, – აღნიშნა „პოზიციას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
ადამაშვილის შეფასებით, წელს თანაბარი პირობები იქნება ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მისივე აზრით, ეს იძლევა საშუალებას, არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ჩატარდეს.

http://guardian.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები