იანუკოვიჩი უკრაინელებს მოუწოდებს, ქვეყნის თითოეული რეგიონის სტატუსზე რეფერენდუმი ჩაატარონ
უკრაინის ექსპრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი უკრაინელ ხალხს მოუწოდებს ქვეყნის თითვეული რეგიონის სტატუსის განაზღვრისთვის რეფერენდუმი ჩაატარონ. იანუკოვიჩის მიმართვას „იტარ-ტასი“ ავრცელებს. ვიქტორ იანუკოვიჩი მიიჩნევს, რომ მხოლოდ საყოველთაო რეფერენდუმს შეუძლია უკრაინის მთლიანობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება და არა პრეზიდენტის ვადამდელ არჩევნებს. ,,პრეზიდენტი, რომელიც თქვენთან არის აზრებითაც და სულითაც, უკრაინის ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს მოგიწოდებთ, თვითმარქვიებს არ მისცეთ თქვენი გამოყენების საშუალება! მოითხოვეთ რეფერენდუმის ჩატარება, რათა უკრაინის შემადგენლობაში თითოეული რეგიონი დაფიქსირდეს “, – აღნიშნულია იანუკოვიჩის უკრაინელი ხალხისადმი მიმართვაში. მისი თქმით, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ახალი კანონები მაიდნის ძალდატანებით მიიღო.
,,ახლანდელმა ე. წ. ხელისუფლებამ მიიღო კანონების პაკეტი, რომელიც პირდაპირ არღვევს უკრაინის კონსტიტუციას. ეს კანონები მაიდნის ძალდატანებით იქნა მიღებული. ბევრ დეპუტატზე და მათ ოჯახზე ძალადობრივი აქტები განხორციელდა, რომ არაფერი ვთქვათ მუქარებზე“, – ამბობს ექსპრეზიდენტი. იანუკოვიჩს მიაჩნია, რომ ყველაფერი, რაც უკრაინაში მოხდა და ხდება, შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალებაა, რომელიც ოპოზიციამ ტერორისტული დაჯგუფებების იარაღით და დასავლეთის ქვეყნების მხარდაჭერით განახორციელა. ,,აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ პროტესტი, რომელიც ჩრდილო-დასავლეთ უკრაინაში მძვინვარებს, ბუნებრივი რეაქციაა მჭიდროდ დასახლებული მხარისთვის შეიარაღებული გადატრიალების მოსაწყობად“, – აცხადებს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ თვითმარქვიებს უკრაინელი ხალხის ნდობის მანდატი არ გააჩნიათ. ,,ანარქიას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ქუჩებში ხდება, საერთო არაფერი არ აქვს დემოკრატიასთან“,- დარწმუნებულია იგი. ,,თუნდაც დასავლეთის ერთმა ქვეყანამ დამისახელოს დემოკრატიული ნაბიჯები, რომელიც ახლანდელმა ,,ხელისუფლებამ“ განახორციელა. არ მგონია, რომ უმაღლესი რანგის რომელიმე ევროპელმა ჩინოვნიკმა სახალხოდ აღიაროს, რომ ძარცვა და ხალხის დახვრეტა ქუჩებში აქტივისტებად მონათლული ტერორისტების მიერ მისაღები იყოს“,- აცხადებს იანუკოვიჩი.
ამასთან, იანუკოვიჩი დარწმუნებულია, რომ უკრაინის კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება დასავლეთში დაიგეგმა და ეს მსგავსი სცენარის პირველი მაგალითი არ არის.
,,ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ბედი დიდი ხანია სხვაგან წყდება და ისიც ვიცით, რომ ეს არადემოკრატიული მეთოდებით ხორციელდება. კანონიერი ხელისუფლების ჩამოგდება დასავლეთში დაიგეგმა და ასეთი სცენარი უკრაინისთვის პირველი არ არის. მაიდნის ლიდერები ხელისუფლებაში ნაცისტების ხარჯზე მოვიდნენ. ათასობით შეიარაღებულმა ხალხმა დიდების და სისხლის გემო იგრძნო და მთელს უკრაინაში დაიწყეს ძარცვა, მკვლელობები, მაროდიორობა, რეკეტი. უკრაინელი ხალხის უმეტესობას არ აქვს საშუალება, რეალური სურათი დაინახოს, სადაც დღითიდღე იზრდება ძალადობა, ანარქია და ეკონომიკური კარასტროფა”, – აღნიშნულია უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩის მიმართვაში.