ათენში ცნობილი ქართველი მსახიობი დავით მალტეზე – გზა მეწაღის პროფესიიდან ხელოვნებამდე

ორჯერ ნულიდან დაწყებული კარიერა უცხო ქვეყანაში. „კვირა“ ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის შესახებ გიამბობთ, რომელიც საბერძნეთში 20 წლის წინ ჩავიდა და დღეს ათენის „ატტის“ თეატრის ცნობილი მსახიობია. დავით მაღალდაძეს ბერძენი მაყურებელი დავიდ მალტეზეს სახელით იცნობს. როგორია გზა მეწაღის პროფესიიდან თეატრის სცენამდე, ამას თავად დავით მაღალდაძე მოგვითხრობს, რომელსაც „კვირა“ ათენის განათლებისა და კულტურის ცენტრ „კავკასიაში“ შეხვდა.11

 – 1996 წელს საქართველოდან ვალებით წამოვედით და საბერძნეთში ჩამოვედით. სალონიკში დავსახლდით. პირველი წლები ვიყავი უკანონოდ, საბერძნეთს საემიგრაციო პოლიტიკა თითქმის არ გააჩნია ეს პრობლემა დღესაც აქტუალურია. როდესაც, საბჭოთა კავშირი დაინგრა საბერძნეთი ევროპის ქვეყნებიდან ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც გზა შედარებით იაფი იყო. მაშინ, აქ, საბერძნეთში ყველა არალეგალურად იყო. გარკვეული დროის შემდეგ, ემიგრანტებისთვის საბუთების გაცემა დაიწყო. როგორც კი, ეს პროცესი დაიწყო, მთელმა ოჯახმა ჩავაბარეთ საბუთები, რომ ჩვენ აქ კანონიერად გვეცხოვრა. თავდაპირველად მშენებლობაზე ვმუშაობდი, ამის შემდეგ მეწაღეც ვიყავი, მიმტანიც. თავის გადასარჩენად ყველა სამუშაოს ვასრულებდი. რამდენიმე წელი ბარში მიმტანად ვიმუშავე. ბავშვობაში მუსიკაზე დავდიოდი, გიტარაზე ვუკრავდი, ქართული ხალხური სიმღერის ჯგუფში დავდიოდი. ხელოვნებასთან კავშირი ბავშვობიდან მქონდა. ეს იყო ჩემი ცხოვრების ერთი ნაწილი. როცა კი რაიმე პრობლემა შემექმნებოდა, მაშინვე ხელოვნებასთან ვუერთიერთობდი. მუსიკა და ხელოვნება სულ ჩემთან იყო, მით უფრო, როცა ძალიან მიჭირდა. ამით ვალამაზებდი ჩემს ცხოვრებას. ფული არ მქონდა, ვალი ავიღე და საქსოფონი ვიყიდე. დავიქირავე პედაგოგი და მასთან დავიწყე სიარული. როგორც კი თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, პედაგოგთან მივრბოდი. სამსახურის ხელფასით საქსოფონზე დაკვრა ვისწავლე. 3-4 თვის შემდეგ ბარში საქსოფონზე დაკვრა დავიწყე და ჯაზის იმპროვიზაციას ვასრულებდი. თუმცა, ეს ყველაფერი  ჩემთვის საკმარისი არ იყო.
– როდის გადაწყვიტე, რომ შენი ცხოვრება თეატრისთვის დაგეკავშირებინა? 14
– თეატრი ჩემთვის სამყაროა, სადაც ყველანაირი ხელოვნების ერთობლიობაა. თეატრი არის ხატვის, მუსიკის, ცეკვის და ამ ყველაფრის ხელოვნებასთან სინთეზი.
გადავწყვიტე, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. ბერძნული ენა საბერძნეთში ვისწავლე, ენა მალე შევისწავლე. ბერძნულად უაქცენტოდ ვსაუბრობდი. თუმცა სიტყვათა მარაგი არ მქონდა. გადავწყვიტე, სალონიკის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა, სადაც სწავლა უფასო იყო, მაგრამ სწავლის მსურველი უნდა ყოფილიყო 25 წლამდე ასაკის.  მე კი  მაგ დროს ასაკი ხელს აღარ მიწყობდა. ამ დროს უკვე 28 წლის ვიყავი. ვგრძნობდი, რომ აქ დიდი ხანი დავრჩებოდი და უნდა ამერჩია მომავალი პროფესია, წინ უნდა წავსულიყავი. საკუთარ თავს ვკითხე, რა მინდა ვაკეთო ცხოვრებაში, ეს იყო ხელოვნება, მსურდა, ჩემი თავი მთლიანად ხელოვნებისთვის დამეკავშირებინა.
– სალონიკის თეატრალურ უნივერსიტეტში ჩააბარე?12
– არა, რადგან ასაკის გამო სალონიკში ვერ განვახორციელებდი ჩემს ოცნებას, ათენში ჩამოვედი. ცხოვრება თავიდან უკვე მეორედ დავიწყე. ათენში არავის ვიცნობდი. ახლა რომ ვფიქრობ წარსულზე, წესით უნდა შემშინებოდა, მაგრამ ამაზე მაშინ არ ვფიქრობდი, იმიტომ კი არა, რომ ბავშვი ვიყავი, არამედ – ვიცოდი, რომ რასაც ხელს მოვკიდებდი, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი. ძალიან მიყვარს შრომა. ვგრძნობდი, რაღაცას მივაღწევდი. ინსტინქტით ვგრძნობდი, რომ სწორია ის, რასაც ვაკეთებდი.
– როგორ მოახერხე, ათენში ცხოვრება ნულიდან მეორედ დაგეწყო?7
– ერთ ბარში მივედი და ვუთხარი, რომ სალონიკში მიმტანად ვმუშაობდი – გჭირდებათ ჩემნაირი ადამიანი-მეთქი, ვიკითხე? და მეც მიმიღეს მიმტანად. დაახლოებით ორი კვირის მერე გაიგეს, რომ ეს საქმე კარგად მესმოდა და მენეჯერი გავხდი. სამუშაო მქონდა, სახლიც ვიქირავე, დავიწყე ფიქრი, როგორ ჩამებარებინა სასწავლებელში. აქ ისეთი სისტემაა, რომ თეატრალურზე თუ გადაწყვიტე სწავლა, თავდაპირველად, საბერძნეთის კულტურის სამინისტროში გამოცდები უნდა ჩააბარო, რათა სწავლის უფლება მოიპოვო. გამოცდა ორჯერ ჩავაბარე. კულტურის სამინისტრომ უფლება მომცა, რომ ათენის თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. იმ წელს, 1500 აბურიენტიდან მხოლოდ 150 ჩაირიცხა, მათ შორის ვიყავი მეც. სულ ბერძნები იყვნენ, მხოლოდ მე ვიყავი უცხოელი. როდესაც ჩემი თავი სიაში დავინახე, შოკში ჩავვარდი. ჩემს გვერდით არავინ იყო, ვინც ჩემს სიხარულს გაიზიარებდა. სალონიკში დედაჩემს დავურეკე და სიხარული დედას გავუზიარე. იმ წელს ათენის კონსერვატორიის სტუდენტი გავხდი და სწავლა დავიწყე თეატრალურ განყოფილებაში. ეს არის საბერძნეთში ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელი  და სწავლა იქ საკმაოდ პრესტიჟულია.
– სწავლის საფასურს როგორ იხდიდი?13
– სახელმწიფო თანადაფინანსებით ვიყავი და ვიხდიდი დაახლოებით 30-40 პროცენტს.
– პირველი როლი?
– მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც პედაგოგმა სპექტაკლში – „ბრილიანტები და ბლუზი“ ერთ-ერთი პატარა როლი შემომთავაზა. სცენაზე ჩემი პარტნიორები იყვნენ საბერძნეთში საკმაოდ ცნობილი მსახიობები. პიესის ავტორი ცნობილი ბერძენი მწერალი ლულა ანაღნოსტაკი იყო. მე მომეცა შანსი, რომ სპექტაკლზე მემუშავა, ამისათვის ერთი წლით სწავლა შევაჩერე და აკადემიური ავიღე.
– რა როლი შეასრულე?
– საქსოფონისტის როლი შევასრულე, სადაც 2-საათიან სპექტაკლში მხოლოდ 20 წუთი ვითამაშე.
– რა როლი ითამაშა შენს ცხოვრებაში პირველმა როლმა?9
– ამ ოცმა წუთმა ამიწყო მთელი ჩემი 12- წლიანი თეატრალური მოღვაწეობა და კარიერა. 12 წლის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ გავიარე კასტინგი, დანარჩენ შემთხვევაში, რეჟისორები თვითონ მთავაზობდნენ სხვადასხვა სპექტაკლში როლებს. გამიცნეს და თვითონ მიწვევდნენ. ეს არის ჩემთვის დიდი წარმატება. რაც შეეხება იმ ორ კასტინგს, უცხოელი რეჟისორები იყვნენ და მათ აინტერესებდათ, ვინ ვიყავი. ისინი არ მიცნობდნენ, ამიტომ ის ორი კასტინგიც წარმატებით გავიარე.
– რას გრძნობთ ამ დროს, როგორც მსახიობი, უცხო ქვეყანაში? რას ნიშნავს, იყო ათენში მსახიობი?
– თავის დროზე, 2008 წელს,  როდესაც საბერძნეთში კრიზისი დაიწყო, თეატრალურ სამყაროში მსახიობების 87 პროცენტი უმუშევარი დარჩა. ამჟამად კი მსახიობთა 92 პროცენტი უმუშევარია. მე  კი ზუსტად, ამ 8 პროცენტში ვარ, რომლებიც სულ მუშაობენ. ყოველ სეზონზე სხვადასხვა როლს მთავაზობენ.
– რომელია თქვენი განსაკუთრებული როლი, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებულად გიყვართ?
– არის სპექტაკლები, რომლებიც ძალიან მიყვარს, თუმცა ვერცერთს გამოვარჩევდი. ყველა როლში ბოლომდე ვიხარჯები.
– მეფის როლი გითამაშიათ?
– არა ჯერ არა. თუმცა, შექსპირის გმირებიც მაქვს განსახიერებული, გარდა ამისა, ძველი ბერძენი მწერლების სხვადასხვა ტრაგედიაში ვითამაშე.
– თქვენს მომავალ გეგმებზეც გვესაუბრეთ…5
– წელს, ათენში ვახტანგოვის თეატრის დირექტორი და რეჟისორი რიმას ტუმინასი ჩამოვიდა, აქ ტარდება ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო თეატრალური ფესტივალი „ათენის ფესტივალი“ . სადაც რეჟისორმა სოფოკლეს ნაწარმოები „ოიდიპოს მეფე“ უნდა დადგას. სექტემბერში წავალთ ვახტანგოვის თეატრში სათამაშოდ. ოქტომებერში წავალთ მილანში, PiccoloTeatro-ში გვექნება სპექტაკლი, გარდა ამისა, ჩვენი თეატრალური დასი პოლონეთში გასტროლებზე მივდივართ. გროტოვსკის თეატრში ვითამაშებ იმ სპექტაკლში, სადაც მთელი სეზონი ვითამაშე აქ, ათენში.
– ვახტანგოვის თეატრის რეჟისორი ახსენე, რა როლი შემოგთავაზა რეჟისორმა? სოფოკლეს ნაწარმოებში ვის განასახიერებ?3
– ჯერ როლები არ განაწილებულა. რეპეტიციები დაიწყება 10 მაისს. 29-30 ივლისს ეპიდავროს თეატრში პრემიერა გვექნება. ეს თეატრი დაახლოებით 2600 წლისაა, იქ, სადაც თავად სოფოკლე და ესქილე დგამდნენ თავიანთ პიესებს.
– რა არის თქვენთვის წარმატების ფორმულა?
– ჩემი წარმატების რეცეპტი არის მხოლოდ და მხოლოდ მუშაობის დიდი სურვილი. დანარჩენი არის დამხმარე ძალები. თუ არ იმუშავე და ყოველდღე უკეთესი არ გახდი, ვერ განვითარდები, მომავლის არანაირი პერსპექტივა არ გესახება. ეს არის ჩემთვის იარაღი, რომელიც ჩემს კარიერაში გამოვიყენე. ეს არის ჩემი პროფესიიდამი დამოკიდებულება, ზედმეტად პასუხისმგებლობა და მუშაობის დიდი სურვილი.
– შენს წარმატებას იღბალსაც ხომ არ დაუკავშირებ?
– ალბათ, ბედიც მწყალობს. მაგრამ ბედს ერთხელ გამოიყენებ, მეორედ, ყოველთვის ხომ არ გაგიმართლებს. ვფიქრობ,  მიზანდასახულობა მშველის  წარმატებაში.17
– რაც შეეხება კინოს, თეატრალური მოღვაწეობის გარდა, კინოშიც ხომ არ გქონიათ შემოთავაზება?
– რაც შეეხება კინოს, ერთ-ერთმა მედიასაშუალება „ნეა“ -მ 2008 წელს, დაბეჭდა ჩემი ინტერვიუ, მაშინ ათენში რუსი რეჟისორი ანატოლი ვასილევი იყო ჩამოსული. ეს გახლავთ რუსეთის თეატრის მამა, რომელმაც ათენში „მედეა“ დადგა. ჟურნალისტმა მთხოვა, ინტერვიუ მიმეცა, სადაც ვყვებოდი, როგორ ჩამოვედი საბერძნეთში, როგორ მოვხვდი სცენაზე და ა.შ. მთელი გვერდი დამითმეს. გავიდა ორი თვე და დამირეკეს ბერლინიდან. ეს იყო უცხოელი რეჟისორი, რომელიც ნამდვილ ისტორიებს ეძებდა. მას ჩემი ინტერვიუ ჰქონდა წაკითხული. მითხრა, რას იტყვით, რომ თქვენზე კინო გადავიღოთო. ვიფიქრე, ვიღაც მეხუმრებოდა. მითხრა, საიტი მაქვს, შეგიძლია ნახო ჩემი ფილმებიო. დავთანხმდი, მონაცემები გადმომიგზავნა. სხვათა შორის, თავდაპირველად არ მჯეროდა. თუმცა  ნამდვილად რეჟისორი აღმოჩნდა. ჩამოვიდა ათენში. მოვუყევი მთელი ჩემი ცხოვრება. სამი-ოთხი თვის შემდეგ გადაღებები დაიწყო და ამ კინოში მთავარი როლი – ჩემი თავი, მე ვითამაშე.
– როგორია ეს ფილმი, ისტორიული? ბიოგრაფიული?
– ეს არ იყო მხატვრული ფილმი. ეს იყო დოკუმენტურ-მხატვრული ვიდეოარტი. პრემიერა ათენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში შედგა. მთელი ერთი თვე აჩვენებდნენ აქ. მოგვიანებით, 2010 წელს, ამ ფილმმა London Greek film festival-ზე პირველი პრიზი მიიღო. ეს არის ფილმი ერთი ადამიანის ცხოვრების ისტორიაზე. აქ არ არის დათო, ესაა ერთი ადამიანი, რომელიც ხვდება უცხო სამყაროში და ალაგებს თავის ცხოვრებას.  რეჟისორი იყო George Drivas. ფილმს ჰქვია Empirical Data.
– სად წავიდა შენი საქსოფონი?8
– ჩემი საქსოფონი დღემდე ჩემთან არის. როგორც მუსიკოსი, აღარ ვმოღვაწეობ. მუსიკას თეატრში სცენაზე ვიყენებ.
– არის ასეთი როლები, სადაც საქსაფონი ისევ გჭირდება?
– ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 4 სპექტაკლში საქსოფონის გამოყენება მომიწია. კიდევ სხვა სპექტაკლებში გიტარას და დასარტყამ ინსტრუმენტს ვიყენებ. ასე რომ, მუსიკალური ცოდნა ყველანაირად გამომადგა. მაქვს კიდევ ერთი პლუსი, როგორც მსახიობს, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტზე ვუკრავ და ვმღერი.
– საქართველოში ამდენს მიაღწევდი?
– არ ვიცი. ცხოვრება სავსეა სიურპრიზებით. შეიძლება უფრო მეტისთვისაც მიმეღწია, ამას ვერ ვიტყვი…
– რაზე ოცნებობს დათო, რომელ როლზე?
–  ძალიან ბევრია საოცნებო როლია. ჩემი ოცნება, პირველ რიგში, არის ის, რომ გავაგრძელო თეატრში მოღვაწეობა და დიდხანს ვიყო მსახიობი. არ დამჭირდეს სხვა რაღაცის კეთება თავის გადასარჩენად. არ მინდა, ამ სამყაროს დავშორდე. ეს ჩემთვის უკვე ცხოვრების წესია.
– 21 წლის ბიჭის გადაწყვეტილებას დღეს როგორ აფასებ?
– რა თქმა უნდა, დადებითად. ბედნიერი ვარ ჩემი არჩევანით. კმაყოფილი ვარ, რომ  მსახიობი გავხდი. თეატრთან ურთიერთობამ შემიცვალა მთელი ცხოვრების შეხედულება.
– წარმატებულ როლებზე საუბრობდით და ასევე როლებზე, რომლებზეც დროის უქონლობის გამო უარის თქმა მოგიწიათ… იყო ისეთი როლი, რომლზეც ინანეთ, რომ თანხმობა არ თქვით?4
– არა, იცი, რატომ არ ვნანობ? იმიტომ, რომ იმედი მაქვს, მომავალში მომიწევს ისევ. ყველაფრის ერთდროულად გაკეთება, რა თქმა უნდა, არ გამოდის. შემეძლო, 4 სპექტაკლში, სერიალებშიც, ერთდროულად, მეთამაშა, რეკლამებშიც ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ ვიცი, რომ, როდესაც ყველაფერს ერთდროულად აკეთებ, არც სპექტაკლში, არც კინოში და არც რეკლამაში არ იქნები კარგი. თეატრში არ ვთამაშობ იმისთვის, რომ ფული გავაკეთო და  პოპულარული გავხდე. ეს ჩემთვის წამალია. ჩემი დამაწყნარებელია თეატრი. ვფიქრობ,  ეს კარგი დასაწყისი იყო და, სხვაგან რომ დამეწყო, უფრო უკეთესი კარიერა აეწყობოდა თუ არა, არ ვიცი.
როგორც გავიგე, მსახიობობასთან ერთად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სწავლობდი. ეს ორი პროფესია ძალიან გასხვავდება ერთმანეთისაგან, რა ხდება ?
– ცხოვრება სულ განახლებადია, ძველი რაც დაგეგმილი გაქვს, იმას ახალი ანაცვლებს. არ მინდა, დავგეგმო მომავალი. ჩავაბარე ინსტიტუტში და ამ დროისთვის სტუდენტი ვარ, ძალიან მაინტერესებს, როგორი ვიქნები დიპლომატიურ სამსახურში. ცოდნა ხომ ყველანაირად შეიძლება გამომადგეს.
– რაც შეეხება თარჯიმნობას?
– ვმუშაობ თარჯიმნად. თურქულ ენასაც ვსწავლობ. ვსაუბრობ ქართულად, რუსულად, თურქულად, ინგლისურად, ბერძნულად. ამას ყველანაირად გამოვიყენებ. შემიძლია ვითამაშო კინოში ან თეატრში, სადაც სხვადასხვა ენა გამომადგება.
– ხედავ თქვენს მომავალს საერთაშორისო ურიერთობებში?16
– არაფერს გამოვრიცხავ. რატომაც არა, როცა დავბერდები. არ ვიცი, როცა თეატრალურში ჩავაბარე, არანაირი იმედი და ილუზია მქონდა, რომ წარმატებული გავხდებოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია ცხოვრებაში.
–  ასეთი დატვირთული რეჟიმის შედეგად, როგორ ახერხებთ სამართალდამცავებთან თარჯიმნის ფუნქციას?
– არსებობს ისეთი დღეები, როცა დილის 7 საათიდან 12-მდე ვმუშაობ. არსებობს ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ემიგრანტებს, ვინც ბერძნული ენა არ იცის. ეს არის არასამთავრობო, პოლიციასთან შუამავალი ორგანიზაცია. თითქმის უანგაროდ ვმუშაობ და ვეხმარები ადამიანებს. იქ არიან 40-მდე ენის მცოდნე თანამშრომლები. ომის გამო ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის საბერძნეთში და მათ შუამავალი, თარჯიმანი სჭირდებათ. ენა არ იციან. უნდა გაიარონ გასაუბრება, რომ საბუთი აიღონ და სწორედ ამ გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარები. როცა თავისუფალი დრო მაქვს და არ მაქვს სპექტაკლები და რეპეტიციები, მაშინ ვმუშაობ აქ, საემიგრაციო დეპარტამენტში.
– რამდენად იცნობს საქართველოში ქართული საზოგადოება თქვენს შემოქმედებას15
– თუ არ ჩავთვლით ამ 4-5 ინტერვიუს… ჯერჯერობით არანაირი შემოთავაზება არ ყოფილა ქართველი რეჟისორებისგან.
– გული არ გწყდებათ?
– არა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ძალიან მინდა ქართველი მაყურებლის წინაშე თამაში. 20 წლის განმავლობაში საქართველოში არცერთხელ არ ვყოფილვარ. ტურისტად ჩასვლა არ მინდა, რადგან უკვე ამდენი წელია აქ ვარ. მინდა საქართველოში სხვანაირად ჩავიდე. რომელიმე სპექტაკლით ან ფილმით წავიდე გადაღებაზე. მინდა ჩავიდე, როგორც მსახიობი, რომელიც მიდის იქ, რომ რაღაც ჩაიტანოს.
10   6
2 01 13091910_1133316796690812_699732149007937368_n 13094105_1133316713357487_2476889894926003206_n
13095795_1133316630024162_4322155462842519118_n 13095762_1133316586690833_7413916131589588098_n

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები