საქართველოს პრეზიდენტმა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს ხელი მოაწერა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
კოჟორიძემ იმ შენიშვნებზე ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტში კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აქვს.
„დღეს პარლამენტმა მიიღო გამარტივებული წესით სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, ამ ცვლილებებით ხდება 2017 წლის პირველ მარტამდე გადავადება იმ წესისა, რომელიც 2016 წლის პირველ მაისს უნდა ამოქმედებულიყო. ეს წესი ითვალისწინებდა იმას, რომ მინისტრს და დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე პირის კონკურენციის გარეშე დანიშვნის შესაძლებლობა აღარ უნდა ჰქონოდა. საქართველოს პრეზიდეტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით, თუმცა გვსურს რამდენიმე გარემოებას გავუსვათ ხაზი“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
მისივე განმარტებით, პირველი შემთხვევა არაა, როცა საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაციების ამოქმედების ვადის გადაწევა ხდება.
„უშუალოდ ეს კანონპროექტი რამდენჯერმე გადაიდო. დამატებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის მიუღებელია ის ცაიტნოტი, რა მდგომარეობაშიც საქართველოს პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება უწევს. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს აქვს ათდღიანი ვადა, რომ კარგად გაეცნოს კანონპროექტს და მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ცაიტნოტში აღმოჩნდა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ათდღიანი ვადა აღარ არის დარჩენილი პირველ მაისამდე და ჩვენ იძულებულნი ვიყავით, ამ კონკრეტულ კანონპროექტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე საათში მიგვეღო”, – განაცხადა კოჟორიძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის ინფორმაციით, ეს კონკრეტული საკითხი არ განეკუთვნება იმ კატეგორიას, როცა რაიმე ექსტრაორდინალურ ვითარებასთან გვაქვს საქმე. კოჟორიძის განცხადებით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად, გიორგი მარგველაშვილი ხელს აწერს ამ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ ითვალისწინებს იმ სპეციფიკას, რასაც სპეციალური პენიტენციური სამსახური ახორციელებს და მისი მუშაობის შეფერხება არ სურს.
„კიდევ ერთხელ და უკვე მერამდენედ უნდა მოვუწოდოთ და მოვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, რომ დასრულდეს მნიშვნელოვანი და სწორი რეგულაციების გადავადების პრაქტიკა და კანონპროექტის მიღება ხდებოდეს იმ ვადით, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს კონსტიტუციით განსაზღვრული ათდღიანი ვადის სრულად გამოყენების საშუალება. ასეთი დაპირება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოვისმინეთ, რომ პრეზიდენტი ცაიტნოტის რეჟიმში არ აღმოჩნდებოდა, თუმცა მსგავსი გარემოება კვლავ განმეორდა”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები