გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო მტკიცედ ისწრაფვის მშვიდობის უზრუნველყოფისკენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში საჯარო გამოსვლა გამართა.
გიორგი კვირიკაშვილმა  აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სწრაფვასა და საქართველოს დღის წესრიგზე ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის შიგნით და რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რაშიც დიდია ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების წვლილი.
“მიუხედავად გარე გამოწვევებისა, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის შინ და რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. სწორედ ეს არის ჩვენი საერთო მიზანი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტთან. წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საქართველომ გამოიარა რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტი. ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება,”-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო არის აშშ-ის ერთგული მეგობარი სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც დაამტკიცა სანდოობა დასავლური კურსის მიმართ. მისი განმარტებით, საქართველოში ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ევროპეიზაცია და ინსტიტუციონალური სტანდარტების დაახლოება ევროპულ ნორმებთან.
გიორგი კვირკაშვილმა ხაზი გაუსვა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და ინვესტორების მოზიდვაა.
“საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ფუნდამენტურ ცვლილებებს საქართველოს ინსტიტუციონალურ  მოწყობასა და საკანონმდებლო ბაზაში, რისი მიზანიცაა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების ამაღლება. ეს შეთანხმება ასევე უზრუნველყოფს კარგ საფუძველს ინვესტირებისთვის. ამ მხრივ, საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი,”-აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები