სესიაშვილი „ნაციონალებს“: ქვეყანას ე.წ. ოდეერებით მართავდით

”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ, რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
როგორც სესიაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მიმართა, სწორედ ისინი მართავდნენ ე.წ. ოდეერებით ქვეყანას.
”ე.წ. ოდეერებით მართავდით ქვეყანას და ეს იყო აბსოლუტურად მიუღებელი. დღეს ისე მოგაქვთ თავი, თითქოს ”ოდეერების ინსტიტუტის” შესახებ დღეს გაიგეთ და თურმე ეს დამღუპველი ყოფილა”, – განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის თქმით, უმცირესობის მხრიდან მუდმივად ისმის უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობა.
”თითქოსდა, ჩვენ და ”ნაციონალური მოძრაობა” გარკვეულ საკითხებზე ვთანხმდებით, მაგალითად, შეიძლება დავასახელოთ ევროპული არჩევანი, სადაც ჩვენ ვაღწევთ ძალიან სერიოზულ შედეგებს. მაგრამ, მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები ცდილობენ, რომ ჩვენმა ხალხმა, ჩვენმა ქვეყანამ ვიზალიბერალიზაცია ვერ მიიღოს და ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობენ პარტნიორი პარტიის მეშვეობით მოახდინონ ამ პროცესის დისკრედიტაცია. ჩვენ ასევე ვთანხმდებით, რომ გვინდა ძლიერი უსაფრთხოების სისტემა, მაგრამ მუდმივად გვესმის მათი მხრიდან ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის დისკრედიტაციის მცდელობა”, – განაცხადა სესიაშვილმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს არსებობდა 28 ათასი ფარული ვიდეოჩანაწერი, ადამიანების წამება, ათასობით ბიზნესმენის დატერორება, მედიის თავისუფლების შეზღუდვა და ა.შ.
”სულ რამდენიმე ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა დაგმო ე.წ. ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხი და ნაძირალები უწოდა მათ, ვინც ეს შექმნა და ორგანიზება მოახდინა. ისიც თქვა, რომ ასეთი ხალხი პოლიტიკაში არ უნდა იყოსო. ერთი უბრალოდ მაინტერესებს, თქვენგან გავიგო, თუ ქვეყანაში ადგილი ჰქონდა 28 ათას ფარულ ვიდეოჩანაწერს, ადამიანების წამებას, ათასობით ბიზნესმენის დატერორებას, მედიის თავისუფლების შეზღუდვას და ა.შ. თქვენ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, პასუხისმგებლობა ვის ეკისრება, თუ უბრალოდ თავი არ გქონდათ, რომ სიტუაცია გაგეკონტროლებინათ”, – მიმართა ირაკლი სესიაშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები