საქართველოსა და გერმანიას შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გერმანიაში ვიზიტს განაგრძობს. უწყების ხელმძღვანელი ბერლინში რიგით მე-5 ქართულ-გერმანულ სტრატეგიული ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს მართავს.
თინა ხიდაშელს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ რალფ ბრაუკსიპემ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. შეხვედრაზე გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე. თავდაცვის მინისტრმა რალფ ბრაუკსიპეს საქართველოს მიერ ნატოში ინტეგრაციის გზაზე განხორციელებული რეფორმები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი და ვარშავის სამიტზე საქართველოს მოლოდინები გააცნო.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გერმანიასა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანიის თავდაცვის სამინისტროში ხელი მოვაწერეთ ორმხრივ ხელშეკრულებას საქართველო-გერმანიის თანამშრომლობის შესახებ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. ბუნებრივია, ასეთი ხელშეკრულებები ხელს უწყობს უკვე ძალიან წარმატებული ურთიერთობების თვისობრივად კიდევ უფრო ახალ ეტაპზე გადაყვანას, კიდევ უფრო ინტენსიურ ურთიერთობებს, უფრო მეტ სწავლებას, უფრო მეტ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის და მთლიანად სახელმწიფოსთვის. ასეთი ვიზიტები ბევრ ქვეყანაში გვექნება სწორედ იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად დავაახლოვოთ ჩვენი მოლოდინები – ქართული მხარის და ჩვენი პარტნიორების, ნატოს წევრი ქვეყნების მოლოდინები ვარშავის სამიტიდან, შევთანხმდეთ ერთიან დოკუმენტზე, ერთიან შედეგებზე და ასე ერთობლივად წარვსდგეთ სამიტის წინაშე“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი კონრად ადენაუერის ფონდის გენერალურ მდივანს მიხაელ თილენს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოადგილეს იოჰანეს ზინგჰამერს და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავდაცვის პოლიტიკურ სპიკერს, ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის წევრ რაინერ არნოლდს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები