პაატა ზაქარეიშვილი: ევროპას სჭირდება კონფლიქტის წარმატებით მოგვარების მაგალითები

ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია კონფლიქტების მშვიდობიანი, თანამიმდევრული და მდგრადი მოგვარება სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებით, – ამის შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპას სჭირდება კონფლიქტის წარმატებით მოგვარების მაგალითები.
”ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანია კონფლიქტების მშვიდობიანი, თანამიმდევრული და მდგრადი მოგვარება სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებით. ევროპას სჭირდება კონფლიქტის წარმატებით მოგვარების მაგალითები. ეს მაგალითი სჭირდება პოსტსაბჭოთა რეგიონს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სივრცეს, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონს, სადაც გადაუჭრელი კონფლიქტებია და, შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი რისკები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ამგვარი მაგალითის გამტკიცებისთვის და გამოვიყენოთ უკვე გამოცდილი სამშვიდობო რესურსები.
ამიტომ, მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, რასაც დღეს მსოფლიო, კერძოდ, ევროპა და ჩვენი რეგიონი აწყდება – აუცილებელია კონფლიქტის მოგვარების მდგრადი და სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერის გაგრძელება“, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლობა გადაუხადა EUMM-ს არაღიარების პოლიტიკისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განუხრელი მხარდაჭერისთვის.
„მნიშვნელოვანია თქვენს მიერ ჩვენი ჩართულობის პოლიტიკის მხარდაჭერა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში, რომელიც 2008 წლის შემდგომ ერთადერთი საერთაშორისო აქტორია ადგილზე. მიუხედავად იმისა, რომ სადამკვირვებლო მისიას დღემდე არ ეძლევა საშუალება, გამყოფი ხაზის მეორე მხარეს შესვლის და, შესაბამისად, მანდატის სრულყოფილად განხორციელების, მისია მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფაქტორია. მანდატის სრულად განხორციელება კი ჩვენს საერთო დღის წესრიგში რჩება და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების მთავარი კომპონენტია“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები