გიორგი კვირიკაშვილმა „ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი გახსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ლიტვის ეკონომიკის მინისტრმა ევალდას გუსტასმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმი “ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები” გახსნეს. ღონისძიებაში ქართული და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ბიზნესის, სხვადასხვა მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციის სამასზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. გიორგი კვირიკაშვილმა და ევალდას გუსტასმა ფორუმის ფარგლებში მიმდინარე გამოფენაც დაათვალიერეს, სადაც 20-ზე მეტი ქართული მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც საქართველოს საინვესტიციო სააგენტო და ასევე თანაინვესტირების ფონდი წარმოადგენენ პრეზენტაციებს იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც არის საქართველოს ეკონომიკაში. ფორუმს ბიზნესმენებთან ერთად ესწრებიან სხვადასხვა მსგავსი სააგენტოების წარმომადგენლები ევროპული ქვეყნებიდან და ვფიქრობთ, ამ სააგენტოების თანამშრომლობა ძალიან წაადგება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დღეს ასევე საუბარი გვექნება იმ გამოწვევებზე, რომელიც თან ახლავს თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას – ეს გახლავთ გარკვეული რეგულაციები და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ბიზნეს-ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სტუმრებს გააცნო საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და ისაუბრა იმ მიმართულებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და ურთიერთობებისთვის. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე წარმოადგინა მთავრობის ეკონომიკური განვითარების ხედვა და სტრატეგია, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ექსპორტის ხელშეწყობა და ქართული კომპანიების ევროპულ ბაზარზე დამკვიდრება. საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და საქართველოს სავაჭრო – სამრეწველო პალატა.