„ვასწორებთ ყველა იმ ხარვეზს, რომელმაც შეიძლება შექმნას არაჯანსაღი გარემო სტუდენტებისთვის“

ვასწორებთ ყველა იმ ხარვეზს, რომელმაც შეიძლება შექმნას არაჯანსაღი გარემო სტუდენტებისთვის, – ასე გამოეხმაურა საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე სტუდენტების ერთი ნაწილის მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას.
სანიკიძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სტუდენტური მოძრაობა არის საყურადღებო და დასაფიქრებელი.
„თემა, რომელსაც სტუდენტები დღის წესრიგში აყენებენ და აპროტესტებენ, გარკვეულწილად, არის მოგვარებული საკანონმდებლო ცვლილებებით. ისევ და ისევ არის წინა პერიოდებიდან გადმონაშთზე საუბარი, რომელიც ყველას გვაქვს სურვილი, რომ დღეს აღარ არსებობდეს. განსაკუთრებით აღარ უნდა არსებობდეს განათლების და საგანმანათლებლო დაწესებულების დონეზე, ამიტომ, მესმის მათი პროტესტის. სახელმწიფომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ დღეს ეს აღარ მეორდებოდეს, თუმცა ლიკვიდირება იმ ნარჩენების, რომელიც ამ სისტემაში გადმოგვყვა, საჭიროა. ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენც მივყვებით და ვასწორებთ ყველა იმ ხარვეზს, რომელმაც შეიძლება შექმნას არაჯანსაღი გარემო სტუდენტებისთვის“, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
როგორც ცნობილია, „აუდიტორია 115“-ის ორგანიზებით, დღეს, 18:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში, საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები