არჩილ გეგეშიძე: გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას ძლიერ ბიძგს მისცემს

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებას ძლიერ ბიძგს მისცემს.
როგორც არჩილ გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვიზიტის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვლილი პერიოდი შეჯამდება და ახალი პერსპექტივები დაისახება.
”შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს რეგიონში ეს არის სამაგალითო ურთიერთობები. ის ძალისხმევა, რასაც ორივე ქვეყანა მიმართავს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის, მიღწეული შედეგებიდან თვალნათლივ ჩანს. კიდევ უფრო მეტი მონდომება და მოტივაცია არსებობს იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს ეს ურთიერთობები”, – განაცხადა არჩილ გეგეშიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში დღეს იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს. პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.
დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილის სიტყვით გამოსვლა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში და ილინოისის უნივერსიტეტში. პრემიერ-მინისტრი ასევე შეხვდება ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები