გია ვოლსკი: ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს

„ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ არსებობს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლოდინი პოზიტიურია.
„მე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს საქართველო. ეს არის 21-ე საუკუნის განვითარებული ევროპული ქვეყანა – განვითარებული თავისი ხედვით, პოლიტიკური სისტემით, სტაბილურობით, მიუხედავად იმ უამრავი პრობლემისა, რომელიც პატარა ქვეყანას დაატყდა თავს და მიუხედავად გამოწვევებისა. ვფიქრობ, საქართველოს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოს ევროპულ ოჯახში და ვიზალიბერალიზაცია ამის ერთ-ერთი გამოხატულება იქნება. ეს არ არის თემა, რომელიც მხოლოდ საქართველოს სურვილს უკავშირდება. ევროპული სურვილიც არის, რომ მათ რიგებს შეემატოს ის ქვეყანა, რომელიც ამას იმსახურებს და პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი დღეს საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს განიხილავს. საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს საქართველოს იმ ქვეყნების სიაში გადაყვანას, რომლის მოქალაქეები უვიზო რეჟიმით სარგებლობენ.
სამოქალაქო თავისუფლებების, სამართლისა და შინაგან საქმეთა კომიტეტის მიერ დამტკიცების შემდეგ საკანონმდელო ინიციატივას ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. ევროპარლამენტის მიერ დამტკიცების შემთხვევაში კი მას ევროკავშირის საბჭოს წევრებმა უნდა დაუჭირონ მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები