ავარია ათენში – 41 წლის ქართველი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ათენის საავადმყოფოში თვეზე მეტია მკურნალობს, დღემდე კრიტიკულია. 41 წლის ახალგაზრდა ქალბატონმა თავის არეში მძიმე ტრავმა მიიღო და ამ დრომდე უკონტაქტოა.
„კვირას“ ინფორმაციით, 41 წლის ქალბატონი საავადმყოფოში ავტო საგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა. მომხდარის გამო საქართველოს მოქალაქემ მუცლის არისა და თავის ქალის დაზიანებები მიიღო.
„კვირას“ ინფორმაცია საბერძნეთში საქართველოს საკონსულოში დაუდასტურეს.
როგორც „კვირას“ საბერძნეთში საქართველოს ვიცე-კონსულმა ნინო ჯაფარიძემ განუცხადა, საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია საკონსულომ 2016 წლის 18 მარტს მიიღო.
მისივე თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოძიება მიმდინარეობს. ათენის სამართალდამცავებისთვის ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია. თუმცა ამ ეტაპზე მოქალაქე დაკავებული არ არის.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, გამოძიების დასრულების შედეგად გადაწყდება, დააპატიმრებენ თუ არა საბერძნეთის მოქალაქეს, რომელიც მოტოციკლს მართავდა.
„18 მარტს, ათენში, საკონსულოში შემოვიდა ინფორმაცია. ჩვენ დაგვიკავშირდა დაზარალებულის ახლობელი. მივიღეთ ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა საქართველოს მოქალაქე. მას მოტოციკლი დაეჯახა, რომელსაც საბერძნეთის მოქალაქე მართავდა. ქალბატონი მოთავსებულია ათენის საავადმყოფოში, სადაც მას მუცლის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და მოთავსებული იყო სასწრაფო-სამედიცინო გადაუდებელ განყოფილებაში. დაშავებულის ახლობელი ითხოვდა, რომ პაციენტი ამ განყოფილებიდან რეანიმაციულ გამყოფილებაში გადაეყვანათ. საკონსულოს დახმარებით და საავადმყოფოს ექიმებთან კონსულტაციის შედეგად, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. თავის არეში მძიმე ტრავმის გამო, ექიმები თავზე ოპერაციას ვერ ატარებენ. რადგან შესაძლოა, ოპერაცია ფატალური შედეგით დასრულდეს“ – განაცხადა ნინო ჯაფარიძემ.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, საბერძნეთში საქართველოს საკონსულოს დახმარებით დაზარალებულის ოჯახის წევრი საქართველოდან ათენში ჩავიდა.
რაც შეეხება საქართველოს მოქალაქის მკურნალობის ხარჯებს, ამჟამად ის ათენის საქალაქო საავადმყოფოშია მოთავსებული და, შესაბამისად, მკურნალობის ხარჯებს საბერძნეთის მხარე ფარავს.

იზა შაქარაშვილი ათენიდან

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები