გიორგი კვირიკაშვილი ბულგარეთის ვიცე-პრემიერს შეხვდა

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკური განვითარების საკითხებში ბულგარეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ დანიელა ბობევას შეხვდა. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“, საერთაშორისო კონფერენციის „ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები“ ფარლებში გაიმართა.
გიორგი კვირიკაშვილმა ბულგარელ კოლეგას კერძო სექტორის ხელშეწყობის კუთხით ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საზღვაო სფეროში, კერძოდ, საზღვაო აკადემიებს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე. ასევე, გადაწყდა, რომ საქართველო-ბულგარეთის რიგით მეხუთე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა შემოდგომაზე, თბილისში გაიმართება. კომისიის სხდომას თავად ბულგარეთის ვიცე-პრემიერი ეკონომიკური განვითარების საკითხებში დანიელა ბობევა უხელმძღვანელებს.
გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას ბულგარელმა კოლეგამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების საკითხი განიხილა. შეხვედრაზე ითქვა, რომ პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს, როგორც ბულგარეთსა და საქართველოში ტურისტების, ასევე ორი ქვეყნის ბიზნესსექტორის გააქტიურებას. დანიელა ვობევამ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ რეფორმების განხორციელებაში ფინანსური და ტექნიკური კუთხით დახმარება გაუწიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები