მანანა კობახიძე: უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს პრემიერის თხოვნა გაეზიარებინა

უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტს პრემიერის თხოვნა გაეზიარებინა, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე არჩევნების თაობაზე ახალი განკარგულების მაისში გამოცემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას.
“უმჯობესი იქნებოდა, ამასთან დაკავშირებით არ ყოფილიყო ორაზროვნება და პრემიერის შეთავაზება გაზიარებულიყო, ვინაიდან, რაც უფრო ადრე ხდება საარჩევნო კამპანიის დაწყება, თავად ბიუჯეტსაც უფრო მეტი ხარჯები აქვს, გამომდინარე საარჩევნო კომისიის წევრების დაფინანსებიდან და მთელი რიგი სხვა საკითხიდან. ამიტომ ალბათ, ესეც გასათვალისწინებელი იყო. თუმცაღა, როცა არ უნდა გამოქვეყნდეს ეს აქტი და როცა არ უნდა შევიდეს ძალაში, ბუნებრივია, ჩვენ სახელმწიფო და ხელისუფლება ვალდებული ვართ, ეს კამპანია კანონის ფარგლებში ვაწარმოოთ “, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს თხოვნით მიმართა, არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს. როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, უმჯობესი იქნება, თუკი ეს 8 ივლისს, არჩევნებამდე 3 თვით ადრე მოხდება. საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები