„აქ სიყვარულია“ – ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა
საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მომღერლის, მუსიკოსისა და პიანისტის, ეკა კვალიაშვილის საიუბილეო საღამო სახელწოდებით – „აქ სიყვარულია“ წარმატებით ჩატარდა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონცერტზე, რომელიც მთლიანად დაეთმო მომღერლის საავტორო შემოქმედებას, ეკა კვალიაშვილი პირველად წარდგა მსმენელის წინაშე, როგორც კომპოზიტორი.
საღამოს წამყვანმა, მუსიკათმცოდენე მაია დათუნაშვილმა ისაუბრა მომღერლისა და კომპოზიტორის შემოქმედების ნაცნობ და დღემდე უცნობ დეტალებზე.
„კონცერტში მონაწილეობდნენ ეკა კვალიაშვილის მეგობრები და კოლეგები: თემურ თათარაშვილი, რომან რცხილაძე, ნუკა კვალიაშვილი, ლუკა ჭოხონელიძე, ,,თბილისური კვარტეტი”, პიანისტი ლევან ჩხაიძე.
Sparks X Culture Forever-ის ორგანიზებით გამართული საღამო მუსიკალურად გააფორმეს მაესტრო ზურაბ მახნიაშვილმა, სიმებიანმა ორკესტრმა და ინსტრუმენტულმა ბენდმა.
ეკა კვალიაშვილს გამოცემული აქვს რამდენიმე ალბომი, ჩატარებული აქვს საქველმოქმედო სოლო კონცერტები, არის მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელი.
საქართველოს კულტურის სამინისტრო ულოცავს ეკა კვალიაშვილს წარმატებულ საიუბილეო საღამოს“! – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.