აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებიც მოხვდა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო საქმეების შესახებაც არის საუბარი.
დოკუმენტში ვრცელი ადგილი ეთმობა ყოფილი ხელისუფლების დროს ტელეკომპანია „იმედის“ ანტისამთავრობო აქციას.
„მარტში გენერალურმა პროკურატურამ ყოფილ პრეზიდენტს სააკაშვილს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ივანე მერაბიშვილთან, ასევე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან და თბილისის ყოფილ მერ გიორგი უგულავასთან ერთად, ბრალი წაუყენა 2007 წელს ანტისამთავრობო აქციების ძალადობრივი გზით დაშლაში მონაწილეობაში, ძალაუფლების გადაჭარბებასა და ტელეკომპანია „იმედში“ ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი აქციების კონფისკაციაში. გენერალური პროკურატურის მიხედვით, სააკაშვილმა აქციის დაშლის ბრძანება გასცა და მთავრობის ლიდერებს პატარკაციშვილის ქონების – მთაწმინდის პარკისა და ტელეკომპანია „იმედის“ საკუთრების წართმევა დაავალა მთავრობის ქმედებების კრიტიკულად გაშუქების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია ციხეებში პატიმრების წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ საქმეებზეც.
„დეკემბერში გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, დავით ახალაიას, გენშტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი კალანდაძეს, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს მეგის ქარდავას, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, რომან შამათავას ციხეში წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეებზე. გენერალური პროკურატურის მიხედვით, ახალაიამ, კალანდაძემ, ქარდავამ და შამათავამ 2012 წელს ელბერტ კობერიძეს სცემეს და მის წინააღმდეგ მხუთავი აირი გამოიყენეს იმ მიზნით, რომ მას ეღიარებინა ტერორისტული აქტის მომზადება“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დეპარტამენტის ანგარიში 2015 წელს ადამიანის უფლებების შესახებ არსებულ ვითარებას ეხება და იგი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები