მიხეილ დუნდუა: NDI-ის კვლევები მორალურად გაუფასურებულია
NDI-ის კვლევები მორალურად გაუფასურებულია, – აღნიშნული განცხადება 2030 -ის წევრმა, ეკონომიკის ექსპერტმა მიხეილ დუნდუამ, პორტალ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, სადაც მან NDI-ის კვლევის შედეგებზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ეროვნულ ვალუტაზე ისაუბრა.
„NDI-ის კვლევები, სამწუხაროდ, მორალურად გაუფასურებულია. შედეგი წლების განმავლობაში არ ემთხვეოდა რეალობას. ახლა რადიკალურად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს, თუნდაც პოლიტიკურ ნაწილში. ყველამ ვიცით ეკონომიკური პრობლემები და თუ ამ პრობლემებს უბრალოდ ჩამოვთვლით და პროცენტებსაც ისე მივაწერთ, როგორც გაგვიხარდება, ასეთივე კვლევას მივიღებთ. ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია ამის გაკეთება, თუკი ამას იკადრებს. არსებული ეკონომიკური პრობლემები ისედაც სახეზეა ქვეყანაშიც და რეგიონებში. ასე რომ, როდესაც კველვით ორგანიზაციას ვენდობით, უნდა ვენდობოდეთ იმ პროპორციებსაც, რომლებიც კვლევაშია მოცემული, თორემ ჩვენც ვიცით, რომ ლარი დევალვირებულია და ქვეყანაში სიღარიბეა. რთული ეკონომიკური მდგომარეობაა საქართველოს რეგიონებში. ამ ორგანიზაციის კვლევა უნდობლობას იწვევს, რადგან მისი არცერთი კვლევა რეალობას არ ემთხვევა, – განაცხადა დუნდუამ.
მისივე განმარტებით, ორგანიზაციის კვლევები მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.
„ეს ყოველივე მაძლევს საფუძვლიან ეჭვს, რომ უკვე მერამდენად ამ ორგანიზაციის დაკვეთით შესრულებული კვლევები ვერ ასახავს მოსახლეობის რეალურ განწყობას და იგი მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ინტერესების მსახურია“, – განაცხადა დუნდუამ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.